აშკენაზების სინაგოგა თავდაპირველად 1910 წელს ირანიდან და ქურთისტანიდან შემოსული ებრაელებისთვის აიგო, საბჭოთა პერიოდში კი, როცა ისინი ქვეყნიდან გადაასახლეს, შენობა აშკენაზი ებრაელების ხელში გადავიდა.
სინაგოგა სალოცავი და სადღესასწაულო დარბაზებისგან შედგება, აგრეთვე, საქალებო აივნისაგან, სადაც ქალები ლოცულობენ. მას ფერადი ვიტრაჟებიც ამშვენებს.
სინაგოგა დღეს აქტიურად ფუნქციონირებს. აქ შეგიძლია ებრაული დღესასწაულები აღნიშნო, ლოცვასა და რიტუალურ ტრაპეზებს დაესწრო ან უბრალოდ სიმშვიდეში დაყო ცოტა ხანი და ქაშერული ჭაჭაც კი შეიძინო.
ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში X-XI საუკუნეების ებრაული ხელნაწერი, ე.წ. „ლაილაშის თორა“ ინახება, რომელსაც მეცნიერები შეუფასებელ საგანძურს უწოდებენ.
ლაილაში ლეჩხუმის სოფელია, სადაც ებრაული დასახლება იყო და სწორედ მათ სინაგოგაში ინახებოდა ეს წიგნი.