მიუხედავად იმისა, რომ ბაროკოს ეპოქის დიდი კომპოზიტორები XVII-XVIII საუკუნეებში მოღვაწეობდნენ, მათი ჯადოსნური მუსიკა დღესაც არანაკლებ პოპულარულია. ამიერკავკასიაში პირველი და ერთადერთი ბაროკოს მუსიკის ფესტივალის დამფუძნებელი თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტაა“, რომელმაც ბაროკოს ეპოქის მუსიკალური ინსტრუმენტები შეიძინა და კავკასიაში პირველი ბაროკოს ორკესტრი გახდა.
სხვადასხვა დროს ფესტივალს ბაროკოს ეპოქის მუსიკის ისეთი საუკეთესო შემსრულებლები სტუმრობდნენ, როგორებიც არიან: ჟორდი სავალი, სერჯო აცოლინი, ქრისტინე ბუში, კრისტოფ მაიერი, დავიდე ამადიო, ჟან რონდო, ორკესტრი „ბერლინის ძველი მუსიკის აკადემია“ და სხვა.
ფესტივალის ფარგლებში შენ მრავალფეროვან გამოცდილებას შეიძენ - კონცერტებთან ერთად, ტრადიციულად, სამეცნიერო და საგანმანათლებლო ლექციებიც იმართება, ხოლო ფესტივალის სტუმრები - მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსები ძველებური მუსიკის ავთენტიკური შესრულების მიმართულებით მასტერკლასებსაც შემოგთავაზებენ.
ფესტივალის ჩატარების თარიღსა და მონაწილეების შესახებ დეტალურ ინფორმაციას „თბილისის ბაროკო ფესტივალის“ ოფიციალურ Facebook-ზე იპოვი.