თბილისის ზღვა დღეს, გარდა ძირითადი დანიშნულებისა, არაჩვეულებრივი სარეკრეაციო ადგილია. ის 650 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს; მისი სიგრძე 9 კმ-ია, მაქსიმალური სიგანე – 1.85 კმ. წყალი მაქსიმალურ სიღრმეს (45 მეტრს) გაზაფხულზე აღწევს, მაქსიმალურ ტემპერატურას (28 გრადუსს) კი - ზაფხულში.
ზღვის გარშემოწერილობა 26 კილომეტრია და ამ ტერიტორიაზე რამდენიმე საინტერესო ადგილია:
თბილისის ზღვის კლუბი - აქ მოწყობილია ბუნგალოები, სანაპირო, 3 აუზი და ჩამოსასრიალებელი ატრაქციონი. შემოგთავაზებენ იალქნიან ნავებსა და კატერებს ზღვაზე გასასეირნებლად, ასევე შეგიძლია, წყლის პარაშუტით ფრენაც სცადო.
გრანდიოზული აკვაპარკი „ჯინო ფერედაისი“ ცნობილია ღია და დახურული აუზებით, წყლის ატრაქციებით, სხვადასხვა სახის საუნით, სპა ზონითა და კაფეებით;
ზღვას ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს მხრიდან, ყეენის მთიდან გადმოჰყურებს 35-მეტრიანი მონუმენტი „საქართველოს მატიანე“. მას ქართულ სტოუნჰენჯსაც უწოდებენ, რადგან ფორმით ცნობილ ინგლისურ პრეისტორიულ მეგალითს ჰგავს;
ერთი მხრიდან თბილისის ზღვას ფიჭვნარი აკრავს, რომელიც მშვენიერი ადგილია პიკნიკისთვის;
ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე თბილისის დენდროლოგიური პარკია. მისი საერთო ფართობი 163 ჰა-ს შეადგენს, 93.3 ჰა კი ტყით არის დაფარული, სადაც იშვიათი სახეობის ხეები და ბუჩქები ხარობს.