კათოლიკეების მთავარი ტაძრის მშენებლობის თხოვნით თბილისის მაშინდელმა პრეფექტმა - ფრანჩესკო პადუელმა რუსეთის მეფე ალექსანდრეს 1801 წელს მიმართა. ამ დროისთვის საქართველო უკვე რუსეთის იმპერიის გავლენის არეალში შედიოდა.
მეფემ თხოვნა დააკმაყოფილა და 1804 წელს თბილისის ერთ–ერთ უძველეს ქუჩაზე, რომელიც იმ დროს „კაპუცინის“ სახელს ატარებდა, თბილისში პირველი კათოლიკური ტაძარი აღიმართა - ვიტრაჟებითა და წმინდანთა ქანდაკებებით მორთული.
კათოლიკეების მთავარი ტაძარი 1804–დან 1937 წლამდე მოქმედებდა. სწორედ ამ წელს საბჭოთა კავშირი არნახულმა რეპრესიებმა მოიცვა და კომუნისტებმა სასულიერო ცენტრებთან ერთად კათოლიკური ტაძრის ფუნქციონირებაც აკრძალეს.
მხოლოდ 62 წლის შემდეგ - 1999 წელს, როდესაც სსრკ უკვე დაშლილი იყო, დღევანდელ გ. აბესაძის ქუჩაზე პაპის პირადმა წარმოგზავნილმა არქიეპისკოპოსმა წმინდა მარიამ ღვთისმშობლის ამაღლების კათოლიკური კათედრალური ეკლესია აკურთხა და ამ უმშვენიერესმა ტაძარმა ფუნქციონირება განაგრძო.