თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზი ვერაზე, მელიქიშვილისა და კოსტავას ქუჩებს შორის მდებარეობს. მის მარცხნივ ვერის ბაღია, მარჯვნივ - 51-ე საჯარო სკოლა. ფილარმონიის წინ დგას „მუზა“ - ბრინჯაოს ქანდაკება, რომელიც მერაბ ბერძენიშვილის მიერაა შესრულებული.
მრგვალი შენობა, რომელიც გრანდიოზულ კონცერტებსა და ფესტივალებს მასპინძლობს, 1971 წელს გაიხსნა. მისი მშენებლობა კი 1961 წელს დაიწყო. ფილარმონია 2300 მაყურებელს იტევს და ის საქართველოში ყველაზე დიდი დახურული დარბაზია ღონისძიებებისთვის.
შენობის ვესტიბიული ელგუჯა და მერაბ ბერძენიშვილების მიერაა გაფორმებული. მის წინ კი გახსნილია იმ ხელოვანთა ვარსკვლავები, რომლებმაც ქართულ კულტურაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს.