KA
Betlemi St. 3, Tbilisi

თბილისი, ბეთლემის ქუჩა N3

რუსეთის იმპერიული ხელისუფლების მიერ მშენებლობაში სავალდებულოდ დადგენილ სტილს, „რუსულ კლასიციზმს“, ადგილობრივმა ოსტატ-ხელოსნებმა შემოქმედებითად შეუხამეს ეროვნული სამშენებლო ტრადიციები და შექმნეს მკვეთრი ინდივიდუალობით აღბეჭდილი საცხოვრებელი სახლები, რომლებიც ქართული ხუროთმოძღვრების ისტორიაში „თბილისური სახლის“ სახელით არის ცნობილი. „თბილისური სახლი“ XIX საუკუნის 40-იან წლებში ჩამოყალიბდა. ის თანაბრად გამოხატავს როგორც მაშინდელ მშენებელთა ნიჭიერებას, ისე ქალაქის ბინადართა - ამ სახლების მეპატრონეთა კულტურასა და განათლებას, ცხოვრების წესსა და დახვეწილ გემოვნებას.
რეგიონი
თბილისი
ქალაქი
თბილისი

სახლის ისტორია

„თბილისური სახლის“ ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია XIX საუკუნის შუა წლებში აშენებული საცხოვრებელი სახლი ბეთლემის ქ. N3-ში, რომელიც ორი ქუჩის - ბეთლემისა და ასკანის ქუჩების შესაყართან მდებარეობს. 

სარდაფების მქონე ორსართულიანი შენობა გამოირჩევა ნატიფი, მწვანე ფერის ხის მოხარატებული აივნითა და მუშარაბით (არაბ. მაშრიბია, ანუ ფერადმინებიანი ფანჯარა), რითაც როგორც აივნის ნაწილი, ისე მეორე სართულზე ამავალი, შეფიცრული კიბე მხატვრულად არის გაფორმებული. 

„თბილისური სახლი“, კლასიციზმის მხატვრულ-არქიტექტურული დეტალების გარდა, ხშირად იყენებდა აღმოსავლური დეკორის ელემენტებს, მაგრამ ყოველივეს ისე ატარებდა საკუთარ შემოქმედებით ყალიბში, რომ საბოლოოდ მაინც ყველაფერი „თავისებური“ გამოსდიოდა. სწორედ ამიტომ   მუსლიმანური მუშარაბი თბილისის სახლებში სავსებით სხვანაირია - მინის ფრაგმენტები აქ დიდი ზომისაა, ხოლო ჩარჩოების ფორმა და კომპოზიცია - ბევრად თავისუფალი და დინამიკური. ამ ყველაფრის საუკეთესო დადასტურება კი სწორედ ამ  სახლის კიბე და აივანია.

სახლი დღეს

შენობა კვლავ საცხოვრებელი სახლია და იქ ახლა რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს. მეორე სართულზე კი „არტ გალერეა 27-ია“ განთავსებული.

 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა