ე. წ. „ქართული სტილის“ ერთ-ერთი ადრეული ნიმუში - სამსართულიანი საცხოვრებელი სახლი სოლოლაკში, გალაკტიონის ქ. N22-ში, არქიტექტორ ალბერტ ზალცმანის (1833-1897) პროექტით აშენდა.
შენობის საფასადო დეკორი შუა საუკუნეების ქართულ მოტივებს იმეორებს, თუმცა ზოგიერთი ადგილი ახლებურადაა გადამუშავებული. ჩუქურთმების კომპოზიცია და ფასადის თავზე მაღალი, დეკორირებული კარნიზი ოსტატურადაა შესრულებული და არქიტექტორის პროფესიონალიზმზე მეტყველებს. ძირითადად ეკლექტიკითა და რამდენიმე მოდერნის სტილის საცხოვრებელი სახლით განაშენიანებულ ამ ისტორიულ ქუჩაზე ქართული დეკორით უხვად შემკული ეს შენობა მართლაც გამორჩეულ ადგილს იკავებს ჩვენთვის „მშობლიური“, ხოლო სტუმრებისთვის „უცხო“ იერით.
შენობა კვლავ თავდაპირველ ფუნქციას ინარჩუნებს და ის რამდენიმე ოჯახის საცხოვრებელი სახლია.