KA

თევზაობა ფარავნის ტბაზე

ფარავნის ტბა ერთ-ერთი ყველაზე დიდი და თევზით მდიდარი ტბაა საქართველოში. ის ვულკანურ-ტექტონიკური ტიპისაა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ჯავახეთის ვულკანური მთიანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს.

ტბის დახასიათება

ტბა ზღვის დონიდან 2073 მ სიმაღლეზეა. მაქსიმალური სიღრმეა 3,3 მ, საშუალო სიღრმე კი – 2,2 მ. მკაცრი კლიმატური პირობების გამო, ფარავნის მიმდებარე ტერიტორიაზე ხის ერთადერთი ჯიში - კავკასიური ფიჭვი ხარობს. 

ლურჯად მოლივლივე ტბა, რომელსაც თავზე თოვლით დაფარული დიდი აბულის მთა ადგას, ულამაზესი სანახავია, თუმცა ადამიანებს, სილამაზის გარდა, აქ თევზის სიმრავლეც იზიდავს. 

თევზის სახეობები

ფარავნის ტბაში თევზის რამდენიმე სახეობაა გავრცელებული, მათ შორის: ხრამული, კალმახი, ნაფოტა, კობრი, ჭაფალა, ქაშაპი, წვერა და სხვა. 

ჯავახეთის ცივი კლიმატის გამო ტბა ზამთარში, დეკემბრის ბოლოდან სქელი ყინულით იფარება. ყინულის სისქე 47 სმ-იდან 73 სმ-საც კი აღწევს. 

ფარავანზე ყინულის ქვეშაც თევზაობენ - ყინულის ქვეშ ჭაფალის დაჭერაა შესაძლებელი.

ტბის მიმდებარე ტერიტორია

ფარავნის ტბის გარშემო რამდენიმე სოფელია გაშენებული, სადაც ღამის გასათევს ადვილად ნახავ. სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია კარვის გაშლა, კოცონის დანთება და თევზის შეწვაც. 

ფარავნის ტბასთან მდებარეობს ფოკის ეკლესია, ხოლო მის შემოგარენში აბულისა და შაორის ციკლოპური ციხეები.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა