მუზეუმში დაცულია 11000 ექსპონატი - ენეოლითის ხანიდან XX საუკუნემდე;
აქ ინახება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ძვ.წ. VII-IV საუკუნეებით დათარიღებული საბრძოლო და შრომის იარაღები, ცხენის მოსართავები, ქალის სამკაულები. ასევე სარდიონის, ფირუზისა და მინისგან აწყობილი მძივები, რკინის ცულის პირები და თიხის საოჯახო ჭურჭელი. საინტერესო სანახავია უძველესი პერიოდის ოთხთვალა საბრძოლო ეტლი.
მუზეუმის ექსპონატებს შორის არის ფერწერის, გრაფიკის, ქანდაკების ნიმუშები, ნუმიზმატიკური კოლექციები და სხვადასხვა პერიოდის მდიდარი ეთნოგრაფიული მასალა.
გიდი იმასაც მოგიყვება, რომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 475-მდე ისტორიული მნიშვნელობისა და ბუნების უნიკალური ძეგლია, მათ შორის მეგალითები - ის ნაგებობები, რომლებიც ყოველი ნახვის შემდეგ ხელახლა ბადებს კითხვას: როგორ ახერხებდნენ მათ აღმართვას თანამედროვე ტექნიკის გარეშე?