თრიალეთი საქართველოს ისტორიული მხარეა. ამ მხარეში, კერძოდ კი წალკის რაიონში, ჭოჭიანის პლატოზე, მდინარე ხრამის მარჯვენა სანაპიროზე XX საუკუნის დასაწყისში არქეოლოგიური გათხრების შედეგად თრიალეთის უნიკალური კულტურა გამოვლინდა, რომელმაც ძვ.წ. 2200 წლიდან ძვ.წ. 1500 წლამდე იარსება. ეს იყო იბერიულ-კავკასიური ტომების - დღევანდელი ქართველების წინაპრების კულტურა.
ამ ადგილას მიკვლეული მდიდრული და კარგად ნაგები ყორღნები ტომთა ბელადებსა და არისტოკრატიის წარმომადგენლებს ეკუთვნოდათ.
სამარხებში უამრავი ძვირფასი ნივთია აღმოჩენილი, რომელთა შორისაა მაღალი საიუველირო ტექნიკით შესრულებული სამკაულები, აგრეთვე, ოქროსა და ვერცხლის სხვა საგნები. ეს კი იმაზე მიანიშნებს, რომ ძვ.წ. II ათასწლეულში საქართველოში ოქრომჭედლები უკვე ფლობდნენ ლითონის დამუშავების ტექნოლოგიებს.
საინტერესოა ამ ნაკეთობათა შესრულების სტილიც, რაც აშკარად გვაჩვენებს, რომ იმ უძველეს ეპოქაში გარკვეული მხატვრული მიმდინარეობა არსებობდა, რომელშიც ადგილობრივი თავისებურებები და იმდროინდელ დიდ ცივილიზაციებთან აქტიური კულტურული კავშირებია ასახული.
თრიალეთის საგანძური გამოფენილია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში.