KA

წალკა

მთების, ტბების, ისტორიული ძეგლებისა და არქეოლოგიური ფასეულობების მხარეა წალკა – ეს მუნიციპალიტეტი აღმოსავლეთ საქართველოში, თრიალეთის ქედზეა გაშლილი და განსაკუთრებით საინტერესოა აქტიური დასვენების მოყვარულებისთვის.
რა დრო სჭირდება მგზავრობას:
თბილისი
2:00 სთ
ბათუმი
7:20 სთ
ქუთაისი
5:05 სთ

წალკის კანიონი

ცალკე აღნიშვნას იმსახურებს წალკის (დაშბაშის) კანიონი – ბუნებრივი ძეგლი, რომელიც მდინარე ხრამის ხეობაში, სოფელ დაშბაშთან მდებარეობს. ეს კანიონი ვულკანურ ქანებშია ჩაჭრილი და დაუვიწყარ სანახაობას ქმნის. აქ ნახავ გამწვანებულ კლდოვან ფერდობზე გადმოსულ ჩანჩქერს, რომელიც წარმოსახვით სამოთხეს არაფრით ჩამოუვარდება და პირველივე შეხედვით მოგაჯადოებს.

კიდევ უფრო დიდი ემოცია გელოდება წალკის კანიონზე გადებულ, 240-მეტრიან შუშის ხიდზე, რომლის ანალოგი მსოფლიოში არ არსებობს. აქედან ისეთი პანორამა იშლება, სუნთქვას რომ შეგიკრავს. ხიდის შუაში, 200 მეტრის სიმაღლეზე, კაფეც არის მოწყობილი; ადრენალინისთვის შეგიძლია ხიდის გასწვრივ ბაიკ-ზიპლაინით გაისეირნო, კანიონის ჩანჩქერებამდე კი 2-კილომეტრიანი ბილიკი ჩაგიყვანს.  

წალკის წყალსაცავი

საქართველოში არსებულ ათობით წყალსაცავს შორის წალკის წყალსაცავი ყველაზე დიდია და ზღვის დონიდან 1506 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ეს წყალსაცავი მდინარე ხრამისა და პატარა ღელეების წყლებით ივსება. წყალსაცავი კომუნისტურმა ხელისუფლებამ მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან ერთ წელიწადში, 1946 წელს ააშენა. წყალსაცავის ზედაპირი დეკემბრიდან მარტამდე სქელი ყინულით იფარება. 

წყალსაცავის გარდა, წალკაში ბუნებრივი ტბებიცაა და საოცარ პეიზაჟებს ქმნის. წალკის ტბებზე თევზაობაც შეიძლება საქართველოს კანონით დადგენილ სეზონზე. 

წალკის კულტურული ძეგლები

წალკის ღირსშესანიშნაობებს შორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია გამოირჩევა; აუცილებლად უნდა დაათვალიერო აიაზმის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია, აგრეთვე, აი-ილიას ციკლოპური ნამოსახლარი, პატარა ხრამის პეტროგლიფები და ბევრი სხვა რამ, რაც ცივილიზაციების თითქმის ყველა ეპოქაზე მოგვითხრობს – ქვის ხანიდან დღემდე.

სამზარეულო

ადგილობრივი მოსახლეობის ეთნიკური მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, წალკაში ბევრ უნიკალურ კერძს დააგემოვნებ, მათ შორის სვანურს, აჭარულს, სომხურსა და ბერძნულს. რაც შეეხება ალკოჰოლს, აქ ძირითადად თუთის არაყს ხდიან.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა