KA

თუშეთი

ხელუხლებელი ბუნება, გამორჩეული არქიტექტურა, ისტორიულ-კულტურული ძეგლები, საინტერესო წეს-ჩვეულებები, უგემრიელესი სამზარეულო და ისეთი ხასხასა ფერები, რომელთა სიტყვით გადმოცემაც წარმოუდგენელია, - ასეთია თუშეთი, ერთ-ერთი საინტერესო ტურისტული ადგილი საქართველოში.
რეგიონი
კახეთი
რეგიონი
თელავი

თუშეთი საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა, რომელიც დიდი კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1900-4490 მ სიმაღლეზე მდებარეობს. თუშეთი ამჟამინდელი ადმინისტრაციული დაყოფით კახეთის რეგიონის ახმეტის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შედის.

კავკასიონის მთებში მდებარე თუშეთს საუკუნეების განმავლობაში საპასუხისმგებლო მისია ჰქონდა – დაეცვა საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთი საზღვარი, რასაც მამაცი თუშები წარმატებით ასრულებდნენ და ასრულებენ.

ამ მხარეში ადამიანი ჯერ კიდევ გვიან ბრინჯაოს ხანაში დასახლებულა. საოცარი სანახავია თუშური კოშკები – ფიქალი ქვის დრეკადი ნაგებობები. სწორედ ამ კოშკებშია აღმოჩენილი თუჯის ცხოველების ფიგურები, რომლებიც IV-V საუკუნეებით თარიღდება. 

თუშეთის ბუნება

თუშეთის ლანდშაფტი საქართველოს დაცული ტერიტორიების ნაწილია. გამორჩეულად ლამაზია აქაური ალპური მდელოები, არყისა და ფიჭვის ტყეები, რომელთა დიდი ნაწილი პირველქმნილია. თუშეთში ფიჭვის ხეები ზღვის დონიდან 2650 მეტრზეც  შეგხვდება, რაც უნიკალური შემთხვევაა კავკასიისთვის. ტყეების ფართობი კი 32000 ჰა-ს შეადგენს და აქ გავრცელებული მცენარეულობის 230 სახეობა კავკასიის ენდემია.

თუშეთში ორი მდინარე მოედინება - გომეწრის ალაზანი და პირიქითა ალაზანი თავისი მრავალი შენაკადით. აქაური მდინარეები მდიდარია კალმახით. სუბალპურ ზონაში მყინვარული წარმოშობის ტბებია. ბევრ ადგილას მინერალური წყაროები მოჩუხჩუხებს.

თუშეთის ტყეებში ბინადრობენ მელიები, მგლები, მურა დათვი, ფოცხვერი,  არჩვები, ნიამორები, ჯიხვები, ირმები, შვლები... ამბობენ, რომ მთებში შეიძლება ჯიქიც შეგვხვდეს – წინააზიური ლეოპარდი. 

მიუვალი კლდეები კი ორბების, ბატკანძერებისა და მთის არწივების სამფლობელოა. აქ ყველაზე სწრაფი ფრინველი – შევარდენიც გვხვდება. 

თუშეთის ტურისტული ბილიკები

თუშეთის სათავგადასავლო ტურისტული მარშრუტი ულამაზეს, ნისლიან ხეობებს გაივლის: ჩაღმის ხეობას, პირიქითის ალაზნის ხეობას, გომეწრის ხეობასა და მათ სოფლებს. ირგვლივ ზღაპრული პანორამული ხედებია, მთებზე შეფენილი პატარ-პატარა სახლები და ციხე-კოშკები ნახატივით მოჩანს. 

თუშური თავგადასავალი ჯერ კიდევ მდინარე სტორის ხეობიდან, აბანოს უმშვენიერესი უღელტეხილის გავლით იწყება, რომლის დიდი ნაწილი კლდეებსა და მთებზეა გაჭრილი. მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 3000 მეტრამდეა, სიგრძე კი, სულ რაღაც, 72 კილომეტრია, თუმცა გზა რთულია და ავტომობილით მის გავლას, დაახლოებით, 4 საათი სჭირდება. აბანოს უღელტეხილი მაისის ბოლოდან სექტემბრის ჩათვლით არის გახსნილი, დანარჩენ თვეებში კი, დიდთოვლობის გამო, იკეტება და თუშეთში მოხვედრა მხოლოდ ვერტმფრენითაა შესაძლებელი.

თუშეთის ცენტრი სოფელი ომალოა - იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში შეტანილი ზღაპრული სოფელი. სწორედ აქედან უნდა დაიწყო თუშეთის ახლოს გაცნობა და კესელოს ციხეებს ესტუმრო.

ულამაზესია სოფელი-მუზეუმი დართლო. აქ ნახავ ძველი თუშური ტიპის ნაგებობებს – ფიქლის მშრალი წყობით ნაშენებ აივნებიან სახლებს. დართლო იმითაც არის ცნობილი, რომ აქ, ადგილობრივების გადმოცემით, XVIII საუკუნეში ქალი იყო მოსამართლე, რაც ამ პერიოდისათვის უჩვეულო მოვლენად მიიჩნეოდა.

თუ თუშური არქიტექტურა გაინტერესებს, ასევე უნდა ნახო სოფლები შენაქო და დიკლო.

სწორედ თუშეთშია ევროპაში ყველაზე მაღალი დასახლებული პუნქტი - სოფელი ბოჭორნა, რომელიც ზღვის დონიდან 2345 მეტრზე მდებარეობს. 

თუშეთი არცთუ ისე დიდია, ფეხით და ცხენით მოგზაურობის შემთხვევაში, მისი ყველაზე ცნობილი ადგილების მოსანახულებლად 5-6 დღე საკმარისია. ღამის გათევას სასტუმროებში ან კარავში შეძლებ.

თუშეთის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრში კი შეგიძლია დამატებითი ინფორმაცია მიიღო სხვადასხვა ტურისტული სერვისის შესახებ.

თუშური ცხენი კავკასიის ერთ-ერთი უძველესი ჯიშია და ის საოცრად გონიერია. თუშეთი ქართული ნაგაზის სამშობლოცაა, რომელიც თუში მეცხვარეების ერთგული მეგობარია. 

თუშური სამზარეულო

თუშები გამორჩეულად სტუმართმოყვარე და კეთილგანწყობილი მასპინძლები არიან, უგემრიელესი თუშური სამზარეულო კი საქართველოს სხვა კუთხეებისგან სრულიად განსხვავებულია. აქ უნდა გასინჯო: თუშური ხინკალი, რომელსაც ხშირად ხანჯლით დაკეპილი ხორცით ამზადებენ; თუშური ცხვრის ყველი, იგივე „გუდის ყველი“; კოტორი - თუშური ხაჭაპური, რომელიც საპატიო სტუმრებისთვის საგანგებოდ მზადდება; ალუდი - ქერის ალაოსგან მიღებული რიტუალური სასმელი, რომელსაც თუშურ დღესასწაულებზე ხარშავენ; ხავიწი, რომელიც ერბოთი და ხაჭოთი მზადდება და გემოთი ფრანგულ ფონდიუს წააგავს; ასევე, აუცილებლად დააგემოვნე ქონდრის ჩაი. თუშებს მრავლად აქვთ მცენარეულობისგან დამზადებული კერძები.

თუშური სუვენირები

მეცხვარეობამ თუშეთში სახალხო რეწვა განავითარა. თუში ქალები მატყლისგან ქსოვენ ულამაზეს, ბუნებრივი საღებავებით შეღებილ და თუშური ორნამენტებით შემკულ სამოსს, წინდებს, ფეხსაცმელს („ჩითები“), ფარდაგებს. ულამაზესია თუშური თექის ნაკეთობები - თავშლები, ჩანთები, თოჯინები...

ასე რომ, გელით თუშეთში, ამ პირველყოფილ „ოაზისში“, სადაც დაუვიწყარი თავგადასავალი გელოდება.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა