ახმეტა თელავიდან 29 კმ-ში მდებარეობს, მდინარე ალაზნის მარჯვენა ნაპირზე და ორი მდინარის - ილტოსა და ორვილს შორის გაშლილ ვაკეზეა განფენილი.
ახმეტის მუნიციპალიტეტში ჩასვლისთანავე მოიხიბლები ბუნების კონტრასტებით - აქ კავკასიონის თოვლიან მთებსა და ქედებს ალაზნის ულამაზესი ველი ცვლის. თვალში მოგხვდება მდინარეების სიუხვე და მათი შენაკადები.
ამ ბუნების დამსახურებაა სამი დაცული ტერიტორია - ბაწარას, ბაბანეურისა და თუშეთის. გამორჩეული ფლორა და ფაუნა, ხადორის ჩანჩქერი, ორეთისა და ორწყლის ტბები, ლურჯი ალპური ტყეები და მინდვრები ლაშქრობებისა და სათავგადასავლო ტურების მოყვარულებისთვის ნამდვილი სამოთხეა.
ამ ტერიტორიაზე ადამიანის ცხოვრების კვალი ჯერ კიდევ ქვის ხანიდან იწყებოდა, თუმცა ისტორიულ წყაროებში ახმეტა, როგორც მნიშვნელოვანი დასახლება, XVIII საუკუნის 40-იანი წლებიდან მოიხსენიება.
ქალაქის ისტორიის შესახებ უფრო მეტს ახმეტის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გაიგებ.
თუ გინდა ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი ძეგლი იხილო, ალავერდს ესტუმრე. ალაზნის ველზე, კავკასიონის მთაგრეხილის ქვეშ აღმართულია დახვეწილი, პროპორციებით გამორჩეუილ XI საუკუნის მართლმადიდებლური ტაძარი.
უნდა ნახო შუა საუკუნეების კვეტარის ციხესიმაგრე, მატნის ცხრაკარას მონასტერი, ზემო ალვანის სამების, წმ. მარინეს საეკლესიო კომპლექსები და სხვა.
ახმეტიდან ისე არ უნდა წახვიდე, იქაური ღვინო არ დააგემოვნო და იქაური კერძები, განსაკუთრებით ერბოში ამოვლებული ხაჭოს ხინკალი არ გასინჯო.