ქუთაისის თოჯინების თეატრმა 2022 წელს 75-ე სეზონი გახსნა. ამ წლების განმავლობაში აქ 300-ზე მეტი სპექტაკლი დაიდგა. 1946 წელს დაარსებულ თეატრში პირველად გაცოცხლდა ქართველი დრამატურგის აკაკი ბელიაშვილის „თეთრი ფინია“, რომლის რეჟისორი სერგო ცაგარეიშვილი ქუთაისში თოჯინების თეატრის დაარსების ერთ-ერთი ინიციატორი იყო.
ისტორიულია შენობა, რომელშიც თეატრია განთავსებული - ის 1890 წელს აიგო, ხოლო 2020-ში შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ახლა ის განათება-გახმოვანების თანამედროვე აპარატურითაა აღჭურვილი, ასევე - თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სცენით, დარბაზითა თუ საგრიმიოროებით. დღეისთვის ქუთაისის თოჯინების თეატრის რეპერტუარში 10 თოჯინური სპექტაკლია.