სახლი, სადაც ივანე ჯავახიშვილმა, თავის და-ძმებთან ერთად, ბავშვობა გაატარა, კასპიდან 26 კმ-ში, სოფელ ხოვლეში დგას. მომავალმა მეცნიერმა თავისი პირველი სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები სწორედ აქ დაიწყო და შემდეგშიც უკვე ცნობილი მეცნიერი ხშირად სტუმრობდა ხოვლეს. დიდი მეცნიერის მშობლიურ სახლში მუზეუმი 1968 წლიდან არსებობს, მაგრამ ოფიციალურად 1976 წელს, ივანე ჯავახიშვილის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში გაიხსნა.
მეცნიერის პირადი ნივთების გარდა, მუზეუმში ინახება ივანე ჯავახიშვილის მდიდარი ბიბლიოთეკა და მუსიკალურ საკრავთა მინიატიურული კოლექცია, აგრეთვე, სოფელ ხოვლეში აღმოჩენილი ბრინჯაოს ხანის იარაღები, ეთნოგრაფიული მასალა, სახვითი ხელოვნების ნიმუშები, ფოტო და დოკუმენტური მასალები.
შეიძლება ითქვას, რომ მუზეუმი არა მარტო ერთი ადამიანის ცხოვრებას, არამედ მთელი საქართველოს ისტორიას ასახავს, ამიტომ საქართველოში მოგზაურობისას ის აუცილებლად უნდა მოინახულო.