უძველესი ნამოსახლარები და არქეოლოგიური მასალები მეტყველებს, რომ ადამიანი აქ ქვის ხანიდან ცხოვრობდა. სტრატეგიული მდებარეობის გამო, კასპი მალე იქცა ციხე-ქალაქად, რომელსაც საკუთარი სპასალარი ჰყავდა.
V საუკუნეში მას, როგორც განათლებისა და აღზრდის ცენტრს, ქვეყანაში განსაკუთრებული ადგილი ეჭირა. VIII საუკუნეში მტრის შემოსევამ ქალაქი მთლიანად გაანადგურა. საუკუნეების განმავლობაში აქაურობამ ბევრი დაცემა და აღდგენა განიცადა.
კასპი ვერც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტს გადაურჩა. საოკუპაციო ჯარებს ქალაქის შესასვლელები თითქმის ერთი თვის განმავლობაში ჰქონდათ დაკავებული.
ეწვიე კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს, სადაც ბრინჯაოს ხანიდან შუა საუკუნეებამდე პერიოდის 20 ათასზე მეტი ექსპონატის ნახვაა შესაძლებელი.
ნახე დიდი მოურავის, მხედართმთავრის, სტრატეგისა და პოლიტიკური მოღვაწის გიორგი სააკაძის ძეგლი.
დაათვალიერე კასპსა და მის მიმდებარედ შემორჩენილი ფეოდალური ხანის ბაზილიკური სტილის ეკლესიები და ციხე-კოშკები: რკონის, კლდემაღალას ციხეები, თეოდორე ტირონის ტაძარი, ქვათახევის, რკონის მონასტრები, სამთავისი და ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარი, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი ბაზილიკაა.
მოინახულე ქალაქის მახლობლად კლდეში გამოკვეთილი ბრინჯაოსა და ადრინდელი რკინის ხანის აკლდამები.
ადი გრაკლიანის გორაზე, იქაური ნასახლარისა და ძვ. წ. VII საუკუნის ტაძრის საკურთხეველზე აღმოჩენილი დღემდე უცნობი დამწერლობის სანახავად, რომელიც საქართველოში დამწერლობის 2700-წლიან ისტორიას ადასტურებს.
კასპი თბილისიდან 56 კმ-ში, მდინარე ლეხურის ნაპირზე, ზღვის დონიდან 560 მეტრზეა გაშენებული. ჩრდილოეთით მას კავკასიონის ქედის განშტოებები აკრავს, სამხრეთით - თრიალეთის ქედი, რომლის უმაღლესი მწვერვალი „ობოლი კლდე“ 2080 მეტრს აღწევს.
ფოთლოვანი და წიწვოვანი ტყეები, ცხავერისა და ნოსტეს ჩანჩქერები, ხეობები, მდელოები ლაშქრობისა და ბუნებაში დასვენების ადგილებია.
კასპი ჟანგბადით მდიდარი ჰავითა და ანკარა წყლებითაც გამოირჩევა, ამიტომ აუცილებლად ესტუმრე მის მიმდებარე სოფლებს - ხოვლეს, გარიყულასა და გოსტიბეს.