დასაშვები სექციის სირთულის კატეგორიაა 3-3+.
ვარძია, რომლის სიახლოვესაც იწყება დაშვება, XII საუკუნის კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსია. მდებარეობს ასპინძის მუნიციპალიტეტში, ჯავახეთის მხარეში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე.
მტკვარი სათავეს იღებს თურქეთში, საქართველოში ვარძიის მახლობლად შემოდის, საქართველოსა და აზერბაიჯანის გავლით კასპიის ზღვაში ჩაედინება. მტკვარი ამიერკავკასიის ყველაზე გრძელი მდინარეა - მდინარის საერთო სიგრძეა 1515 კმ, აქედან საქართველოს ტერიტორიაზე 400 კმ-ია. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით.
მარშრუტი იწყება ვარძიასთან ახლოს, დაახლოებით 4 კმ-ში, სოფელ მირაშხანში, ზღვის დონიდან 1269 მ-ზე, გაივლის თმოგვის კანიონს და სრულდება ხერთვისის ციხესთან, მდინარე ფარავნისა და მტკვრის შესართავთან, ზღვის დონიდან 1099 მ-ზე.
სექციის სიგრძეა 10 კმ, ვერტიკალური დაშვების სიმაღლე - 170 მ, სირთულის კატეგორია 3-3+ (ზომიერად რთული, მრავალრიცხოვანი, მაღალი და არარეგულარული ტალღები, კლდეები და მორევები, ნათელი, მაგრამ ვიწრო გასასვლელები).
მტკვარზე ვარძიის სექციისთვის კაიაკინგის თვეებია აპრილიდან სექტემბრის ბოლომდე.
ვარძიამდე ასპინძის ცენტრიდან 30 კმ-ია. სასტარტო ადგილას სოფელ მირაშხანში მისვლა შესაძლებელია გამავლობის ავტომობილით.
კაიაკით დასაშვებად აუცილებელია გამოცდილება.
რეკომენდებულია, მდინარე ადგილობრივ კაიაკერთან ერთად გაიარო ან მისგან მიიღო საჭირო ინფორმაცია. ტურის დასაჯავშნად წინასწარ დაუკავშირდი კომპანიას.
კაიაკინგში მონაწილეობისთვის მინიმალური ასაკია 18 წელი.