KA

ასპინძა

სამცხე-ჯავახეთის ამ პატარა დაბაში შუა საუკუნეების საქართველოსაც იხილავ - გამოქვაბულებით, ციხესიმაგრეებითა და ულამაზესი ბუნებით. აქ ბევრი რამ თამარ მეფეს უკავშირდება და ადგილობრივები ათასგვარ ლეგენდასაც მოგიყვებიან ქართველი უძლიერესი ქალი მეფის შესახებ.

ასპინძის ისტორია

ასპინძაში ცივილიზაციის კვალი ძველი წელთაღრიცხვიდან ფიქსირდება, შუა საუკუნეებიდან კი აყვავების ხანა იწყება. 

ამ მხარეში ხშირად იყო ომები, რადგან თავისი მდებარეობის გამო, სპარსეთისა და ოსმალეთის მუდმივი შემოსევების მოგერიება უწევდა. სწორედ ამიტომ უკავშირდება მის სახელს საქართველოს უმნიშვნელოვანესი გამარჯვებები, მათ შორის არის 1770 წლის ასპინძის ბრძოლა, რომელიც ქართული სამხედრო ხელოვნების ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია - ამ ბრძოლაში ქართველმა მეომრებმა, მეფე ერეკლე II-ის მხედართმთავრობით, ოსმალებისა და ლეკების თითქმის სამჯერ დიდი ლაშქარი დაამარცხეს.

მნიშვნელოვანი ძეგლები

ასპინძის მუნიციპალიტეტის და მთლიანად საქართველოს უმნიშვნელოვანესი ისტორიული ძეგლია (XII-XIII სს) კლდეში ნაკვეთი სამონასტრო ანსამბლი ვარძია - კლდის ფორმის მიხედვით, ზოგ ნაწილში 7 სართულით, ზოგან კი 13-ით, ასევე 600-ზე მეტი ოთახით, 28 მარნით, 185 ქვევრითა და 15 ეკლესიით. ვარძიის ქვაბულთა კვეთა მეფე გიორგი III-მ დაიწყო და მეფე თამარმა დაამთავრა. აქ „ღვთისმშობლის მიძინების“ ტაძარში უნიკალური ფრესკებია. ერთზე ახალგაზრდა თამარი მამის, გიორგი III-ის გვერდით დგას და ხელში ეკლესიის მოდელი უჭირავს. 

ასპინძის მუნიციპალიტეტის გამორჩეული სოფლებია ხიზაბავრა და სარო. შემორჩენილია ანტიკური პერიოდის ორი მეგალითური ციხე და VII საუკუნის ეკლესია. ასევე, ამ მხარეშია შუა საუკუნეების საინტერესო ძეგლები - კლდოვან მთებზე აგებული თმოგვისა და ხერთვისის ციხე-ქალაქები. აქ გამოქვაბულების კომპლექსსა და უდაბნო-მონასტერ ვანის ქვაბებსაც შეხვდები.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა