KA

კაიაკინგი ტეხურზე

მდინარე ტეხურზე კაიაკინგის მარშრუტი ორი სექციისგან შედგება. 
რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთი
ქალაქი
მარტვილი

მდინარის სირთულე

ტეხურის სექციების სირთულის კატეგორიაა 2-5. 

ადგილმდებარეობა

სოფელი ტალერი, რომლის სიახლოვესაც მარშრუტი იწყება, მდებარეობს მდინარე ტეხურის მარჯვენა სანაპიროზე, მარტვილის მუნიციპალიტეტში.  

მდინარე

მდინარე ტეხური სათავეს იღებს ეგრისის ქედის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2400 მ-ზე. მდინარის სიგრძეა 108 კმ, საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლებით. გაივლის მარტვილისა და სენაკის მუნიციპალიტეტებს. მარჯვენა მხრიდან მდინარე რიონს ერთვის. 

მარშრუტი

მარშრუტი იწყება სოფელ ტალერიდან 10 კმ-ის მოშორებით, ზღვის დონიდან 560 მეტრზე და სრულდება სოფელ ტალერში, ზღვის დონიდან 310 მ-ზე.

პირველი სექციის სიგრძეა 10 კმ, ვერტიკალური დაშვების სიმაღლე - 250 მ, სირთულის კატეგორია - 4, 5 (უკიდურესად რთული, მრავალრიცხოვანი, მაღალი და არარეგულარული ტალღები, კლდეები და მორევები, გამჭვირვალე, მაგრამ ვიწრო გასასვლელები).

მეორე სექცია იწყება ნოქალაქევიდან 3 კმ-ის მოშორებით, ე.წ. ბეწვის ხიდთან, შედის გოჭიფეს კანიონში, სადაც მდინარის კალაპოტის სიგანე ზოგან 2.5 მეტრს არ აღემატება, გაივლის ყანჩების საბუდარს, რომელსაც ადრეული გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე რუხი ყანჩები (Ardea Cinarea) სტუმრობენ, ასევე -  სამკურნალო დანიშნულების გოგირდის წყლებს. სექცია სრულდება ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე.
მეორე სექციის სიგრძეა 3 კმ, ვერტიკალური დაშვების სიმაღლე - 40 მ, სირთულის კატეგორია - 2, 3 (საშუალო სირთულის, მაღალი და არარეგულარული ტალღები, კლდეები და მორევები, გამჭვირვალე, მაგრამ ვიწრო გასასვლელები). 

მარშრუტის სეზონურობა

მდინარე ტეხურის ორივე სექციაზე კაიაკინგის თვეებია აპრილ-ივნისი და ოქტომბერი. 

როგორ მივიდეთ სასტარტო ადგილას

სოფელ ტალერამდე მარტვილიდან 25 კმ-ია. სასტარტო ადგილას მისვლა შესაძლებელია მაღალი გამავლობის ავტომობილით.

უსაფრთხოება 

კაიაკით დასაშვებად აუცილებელია გამოცდილება. 

რეკომენდებულია, მდინარე ადგილობრივ კაიაკერთან ერთად გაიარო ან მისგან მიიღო საჭირო ინფორმაცია. ტურის დასაჯავშნად წინასწარ დაუკავშირდი კომპანიას. 

კაიაკინგში  მონაწილეობისთვის მინიმალური ასაკია 18 წელი. 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა