KA

მარტვილი

მარტვილი პატარა ქალაქია, რომელიც დასავლეთ საქართველოში, სამეგრელოს რეგიონში მდებარეობს. ეს ადგილი დიდი კულტურის კერაა, რასაც ორი სხვადასხვა ხასიათის ფაქტი მოწმობს: 1)ჭყონდიდის მონასტერში აღიზარდა საქართველოს ყველაზე ცნობილი, რეფორმატორი მეფე დავით აღმაშენებელი; 2) 1873 წელს პირველად აქ დაიდგა შექსპირის პიესა „ვენეციელი ვაჭარი“. ისტორია დუმს იმის შესახებ, სპექტაკლი ინგლისურ ენაზე იყო თუ ქართულად, მაგრამ თავად ეს გაურკვევლობაც კი აჩვენებს, რომ ევროპა მაშინაც არ იყო შორს.
რა დრო სჭირდება მგზავრობას:
თბილისი
3:45 სთ
ბათუმი
2:30 სთ
ქუთაისი
0:55 სთ

რას ნახავ ქალაქის ცენტრში?

ქალაქში სეირნობისას აუცილებლად თვალში მოგხვდება ქალაქის თავზე, კონცხზე აშენებული მონასტერი. მას ჭყონდიდის მონასტერი ჰქვია. მონასტრამდე ქალაქის ცენტრიდან საბაგირო გზით სამ წუთში ახვალ და მისი ეზოდან თითქმის მთელ სამეგრელოს დაინახავ.  

რეგიონის ისტორიის გასაცნობად მარტვილის ეთნოგრაფიულ მუზეუმს უნდა ეწვიო - ექსპონატები და გიდი ბევრ საინტერესო ამბავს გიამბობენ. 

ასევე უნდა ნახო სოფელი სალხინო და დადიანების საზაფხულო სასახლე, გაისეირნო თვალუწვდენელ ხეივანში და წარმოიდგინო, როგორ შემოდიოდნენ ამ გზაზე XIX საუკუნეში მდიდრული სარკმლიანი ეტლებით დადიანების სტუმრები; აუცილებლად უნდა დაათვალიერო ძველი მარანი და გასინჯო ლეგენდარული სალხინოს  ოჯალეში.

მარტვილის ჩანჩქერები

მარტვილში თუ იმოგზაურებ, ჩანჩქერის წარმოდგენაზე მხოლოდ ნიაგარა, ვიქტორია ან შვეიცარია აღარ გაგახსენდება; სიმებიან ხალხურ საკრავზე, ჩონგურზე შესრულებული მეგრული სიმღერაც შემოგესმება და მასავით მელოდიურად ჩამომდინარე მარტვილის მხარის ჩანჩქერებიც თვალწინ გაგიცოცხლდება.

კაღუ, ონიორე, ტობა…- აქ ჩანჩქერები სხვადასხვა სიმაღლიდან, განსხვავებული რელიეფიდან  გადმოდის, მაგრამ ყველა სათითაოდ განუმეორებლად განსაკუთრებული და დაუვიწყარია. ჩანჩქერის ძირში, სანაპიროზე გაგრილდები და აქვეა ღია ტიპის კაფეებიც - შეგიძლია, ცივი ყავა ან წვენი დალიო და მეგრული ხაჭაპური მიირთვა. 

მარტვილის ხეობა

მარტვილის ხეობა საუკეთესო არჩევანია კანიონინგისა და სკუბა დაივინგის  მოყვარულებისთვის. აღსანიშნავია, რომ პლატფორმა www.scubadiving.com-მა მარტვილის კანიონი მსოფლიოს საუკეთესო ათეულში მერვე ადგილზე დაასახელა. ეს არჩევანი წყალქვეშა ფოტოგრაფების გამოკითხვას დაეყრდნო, ფოტოგრაფის თვალს კი არაფერი გამოეპარება. წყალქვეშა ყვინთვა ისეთი ექსტრემალური განცდაა, რომელზედაც უარის თქმა არ ღირს და თუ გამოუცდელი ხარ, ინსტრუქტორი დაგეხმარება.

რაც შეეხება კანიონინგს, მარტვილის რეგიონი იდეალურია ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულებისთვის. მარტვილში სრული მენიუ გელოდება კანიონინგის ნებისმიერი ტექნიკისთვის - ჩანჩქერზე თოკით დაშვება იქნება, ცოცვა, გადმოხტომა, ცურვა თუ ხეობაში ფეხით სიარული.
ძმუისის, გვალაშარას, ინწრას, ოკაცეს კანიონებში, კანიონერთა კლუბის ინსტრუქტორებთან ერთად, შენი შესაძლებლობების შესაბამის მარშრუტს შეარჩევ და უსაფრთხო თავგადასავალს გაუყვები. 

და მაინც, თუ ექსტრემალური განცდა არ გხიბლავს, მშვიდად იმოგზაურე  მეგრული ცხენით, რომელიც არაბულზე დაბალი, მაგრამ ამტანი და ჭკვიანია. თუ „ინდიანა ჯონსის“ თავგადასავალი მოგწონს, აუცილებლად გაგახსენდება, მით უფრო, რომ აქაც მითებისა და ტაბუების სამყაროში აღმოჩნდები.

პირველი მეღვინე ქალი

ამ შესანიშნავი მოგზაურობის თანმხლები კი გემრიელი მეგრული სამზარეულო და მეგრული ღვინო იქნება. ბევრი წყარო ადასტურებს, რომ მეგრული ღვინო ევროპელ მოგზაურებს შორისაც მოწონებით სარგებლობდა. XVII საუკუნეში შარდენი წერდა, რომ გემრიელ და სასარგებლო მეგრულ ღვინოს მთელ აზიაში ბადალი არ ჰყავს. სამეგრელოს მევენახეობის ყველაზე მნიშვნელოვანი მხარე კი სწორედ მარტვილია, თავისი ბუნებრივი პირობებითაც და ისტორიულადაც. თუნდაც ის რად ღირს, რომ პირველი მეღვინე ქალიც მარტვილელია - სალომე დადიანი-მიურატი.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა