შქმერის კანიონი ონის მუნიციპალიტეტში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, მდინარე ხეორის ხეობაში მდებარეობს და ონიდან 25 კილომეტრით არის დაშორებული.
მარშრუტი იწყება სოფელ შქმერში, ზღვის დონიდან 2000 მეტრზე. სიმაღლის სხვაობა 450 მეტრია. კანიონის სიგრძეა 2000 მეტრი. აქ გვხვდება 5 ჩანჩქერი, ყველაზე მაღალი ჩანჩქერის სიმაღლე 15 მეტრია.
კანიონინგის დაწყებიდან 3 ჩანჩქერის გადალახვის შემდეგ გიწევს მღვიმეში შესვლა და მღვიმის გავლით კანიონში დაბრუნება. მსგავსი რელიეფი მსოფლიოში იშვიათია. მღვიმის სიგრძე დაახლოებით 200 მეტრია.
მარშრუტის დაფარვის დროს კავკასიონის მწვერვალების ხედებით დატკბები. მარშრუტის სრულად გასავლელად 5-6 საათია საჭირო.
რეკომენდებულია ზაფხულის პერიოდი, როცა ადგილზე ჰაერის საშუალო ტემპერატურა +25,+30 გრადუსია.
ქალაქ ონიდან სოფელ შქმერამდე 25 კმ სამანქანო გზა მიდის. ამბროლაურიდან ონის მიმართულებით, შემდეგ კი შქმერში ყოველდღე მოძრაობს მიკროავტობუსი. სოფლის ცენტრიდან სტარტის ადგილამდე 3-4 კილომეტრი საფეხმავლო ბილიკია გასავლელი.
კანიონინგის დაწყებამდე ინსტრუქტორები აგიხსნიან, როგორ უნდა დაეშვა ჩანჩქერზე და როგორ აკონტროლო დაშვების სისწრაფე და ინტენსივობა. ეშვები წინასწარ შესწავლილი მარშრუტით.
დაშვებისას უნდა გეცვას დახურული, სპორტული ან ჰიდროფეხსაცმელი. ადგილზე მოგცემენ თერმოკოსტიუმს, ჩაფხუტსა და მეკლდეურის ქამარს.
ტური წინასწარ უნდა დაჯავშნო. ანგარიშსწორება ხდება ადგილზე, ნაღდი ფულით.
კანიონინგის პროცესში დასველდები, ამიტომ თან არ იქონიო არაწყალგამძლე ნივთები.