ონი მდიდარია ისტორიული ძეგლებით. აქ მრავლადაა შუა საუკუნეების ციხესიმაგრეები და ტაძრები.
განსაკუთრებით საინტერესოა XI საუკუნის მრავალძალის, გონის მთავარანგელოზის, შრომისუბნის „მცხეთის ჯვრის“ ეკლესიები და სხიერის სამონასტრო კომპლექსი.
უიშვიათესი ძეგლია სოფელ კვაშხიეთში მდებარე ციკლოპური ნაციხარი. მისი მსგავსი დასავლეთ საქართველოში არ მოიპოვება. ონის შუა საუკუნეების გალავანიც ნახე.
ონში ებრაელების ერთ-ერთი დიდი დასახლება იყო და, ალბათ, 1895 წელს აგებული სინაგოგა დაგაინტერესებს.
ონის ცხოვრების შესახებ დაწვრილებით ქალაქის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი მოგითხრობს. აქ დაცულია არტეფაქტები - ქვის ხანიდან გვიან ფეოდალურ პერიოდამდე.
მუზეუმში ნახავ: ბრინჯაოს ხანის ცხვრის ქანდაკებას, ქამრის ბალთებს, ქალის სამკაულებს, საბრძოლო და შრომის იარაღებს და სხვა.
ონიდან 11 კმ-ში კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტი უწერა მდებარეობს. მისი მინერალური წყალი კუჭ-ნაწლავის სამკურნალოდ გამოიყენება, ხოლო ჰავა სასუნთქი გზებისა და სისხლნაკლებობისთვისაა სასარგებლო. დასვენების სეზონი უწერაში მაისიდან ოქტომბრამდე გრძელდება.
24 კმ-შია კურორტი შოვი, სადაც სხვადასხვა დაავადების სამკურნალო 16 მინერალური წყაროა აღმოჩენილი და საოცრად სუფთა ჰაერია.
ვინც რაჭაში ყოფილა, უკვე იცის და ვისაც ეს სიამოვნება წინ ელის, ვეტყვი, რომ რაჭის სილამაზის შესახებ საუბარი ნიშნავს, რომ სათქმელის ნახევარსაც ვერ ამბობ.
ზღვის დონიდან 2800 მეტრზე აზიდული, ხშირი ტყეებით დაფარული მთები, რომლებიც გაზაფხულიდან შემოდგომამდე მწვანედ ბიბინებს, შემოდგომაზე ჭრელ ფარდაგს ემსგავსება, ზამთარში კი თოვლის საბურველში ეხვევა;
მთებში შეყუჟული სახლებიდან მხიარული საუბრის ხმა, რაჭული ლორის, ლობიანის ოხშივარი გამოდის - ე.ი. აქ „ხვანჭკარას“ აჭაშნიკებენ;
ბუბას, კირტიშოს მყინვარები, ჭიორისა და ხიხათის მთები სამოთხეა მოლაშქრეებისთვის; ტბებიდან - უძიროდან და სასვანოდან კი კავკასიონის მწვერვალები ჩანს.
ყველაფერი ეს საკუთარი თვალით უნდა ნახო.