ამ ადგილის ლანდშაფტი და არქიტექტურა განსაკუთრებულად გამორჩეულია, ისევე როგორც ჰაერი, რომელსაც ფთიზიატრები სასწაულმოქმედ სამკურნალო თვისებებსაც კი მიაწერენ. გაზაფხულზე, ყვავილობის პერიოდში, აბასთუმნის ტყეებს უამრავი ადამიანი სტუმრობს, რადგან წლის ამ დროს ჰაერი განსაკუთრებით უებარია ტუბერკულოზის, ბრონქიტის, ბრონქული ასთმისა და სხვა მსგავსი დაავადებების სამკურნალოდ.
აბასთუმნის სასარგებლო თერმული წყლები ჯერ კიდევ საუკუნეების წინათ იყო ცნობილი და როგორც XVIII საუკუნის გამოჩენილი ქართველი გეოგრაფი, ისტორიკოსი და კარტოგრაფი ვახუშტი ბატონიშვილი წერდა, XIV საუკუნეში აბასთუმნის ადგილას ქალაქი ოძრახე არსებობდა, რომელიც სწორედ სამკურნალო თერმული წყლებით ყოფილა სახელგანთქმული.
დღეს ეს წყლები რევმატული, გინეკოლოგიური, დერმატოლოგიური, ნერვული დაავადებების, ნივთიერებათა ცვლის მოშლილობისა და ქრონიკული წყლულების სამკურნალოდ გამოიყენება.
აბასთუმნის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა ასტროფიზიკური ობსერვატორიაა, რომელიც 1932 წლიდან ფუნქციონირებს და ყოფილ საბჭოთა კავშირში პირველი სამთო-ასტროფიზიკური ობსერვატორია იყო. აქ გალაქტიკებს, ვარსკვლავებს, მზის ფიზიკას, მზის სისტემის მცირე სხეულებსა და დედამიწის ზედა ატმოსფეროს იკვლევენ. ობსერვატორიაში სტუმრობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, რადგან აქ განთავსებულია პატარა მუზეუმი და, რაც მთავარია, შესაძლებლობა გაქვს, ტელესკოპით მთვარეს, სატურნსა და სხვა ციურ სხეულებს დააკვირდე.