KA

ახალდაბა

მეცნიერები ახალდაბას „მიკროქვეყანას“ უწოდებდნენ. ამ სახელს მისი გეოგრაფიული მდებარეობა და საინტერესო წარსული ამართლებს. 
რა დრო სჭირდება მგზავრობას:
თბილისი
2:25 სთ
ბათუმი
4:55 სთ
ქუთაისი
2:40 სთ

სად მდებარეობს ახალდაბა

ახალდაბა ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ბორჯომიდან 13 კმ-ში მდებარეობს და მდინარე მტკვრის ორივე ნაპირზეა გაშლილი. დაბა ზღვის დონიდან 790 მეტრ სიმაღლეზეა. თბილისიდან ახალდაბამდე საათ-ნახევარში მიხვალ. თითქმის იგივე დრო სჭირდება  ქუთაისიდან ახალდაბამდე ჩასვლასაც. 

ახალდაბის ისტორია

ისტორიულ წყაროებში ახალდაბა პირველად XII საუკუნეში იხსენიება. მაშინ ის პატარა ქალაქი იყო, რომელსაც სავაჭრო კავშირებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა. დღევანდელი დაბა მცირე ქალაქად დარჩა გვიან ფეოდალურ ხანაშიც. 

რას ნახავ ახალდაბაში

ახალდაბაში დღემდეა შემორჩენილი არაერთი ისტორიული ძეგლი, მათ შორის, X საუკუნის ხიდის ნაშთი და კოშკი, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ძეგლი „თამარის ციხეა“. ის დაბის ცენტრში, შერეული ტყით დაფარული მთის წვერზე იყო აშენებული და, სავარაუდოდ, IX-X საუკუნეებით თარიღდება.  

ჩვენს დრომდე ციხის მხოლოდ ჩრდილო-აღმოსავლეთმა მხარემ მოაღწია, რომლის სიმაღლე 10 მეტრამდეა. არქეოლოგიური გათხრების მიხედვით, ეს უნდა ყოფილიყო დიდი ფართობის, სამეურნეო ნაგებობებით, ხაროებითა და წყლის ავზით აღჭურვილი ციხე, რომელიც ნეძვისა და მტკვრის ხეობას იცავდა და ქართლის ცენტრალურ ნაწილს - მტკვრის ხეობაში შემოსასვლელს კეტავდა. 

ახალდაბაში ხშირი ნაძვნარი და გოგირდის სამკურნალო წყალია. აქ ფართოფოთლოვან ტყეებსაც ნახავ. წიწვოვან და ფართოფოთლოვან ტყეებთან ერთად, ახალდაბა  მდიდარია თერმული მინერალური წყლებითაც.

თუ დაუვიწყარ და ამავდროულად შენი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო დასასვენებელ ადგილს ეძებ, ახალდაბა საუკეთესო ვარიანტია.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა