KA

სქური

სქურის მინერალური წყლების შესაძლებლობები პირველად XIX საუკუნის 70-80-იან წლებში მწყემსებს აღმოუჩენიათ. გადმოცემის თანახმად, გლეხები, რომელთა მიწაზეც წყარო გაედინებოდა, საგულდაგულოდ ცდილობდნენ ამ ფაქტის დამალვას, რადგან ეშინოდათ, თუ თავადები ამ გასაოცარი თვისებების წყაროებზე შეიტყობდნენ, მათ მიწებს ჩამოართმევდნენ.
რა დრო სჭირდება მგზავრობას:
თბილისი
5:35 სთ
ბათუმი
3:05 სთ
ქუთაისი
2:10 სთ

კურორტი სქური  

საბოლოოდ, მკურნალი წყლის შესახებ მაინც ყველამ გაიგო. წყლის თვისებები გამოიკვლიეს, მისი ეფექტები შეისწავლეს და XX საუკუნის 20-იან წლებში მას სამკურნალო სტატუსიც მიანიჭეს. ასე გახდა სამეგრელოში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელი სქური ბალნეოლოგიურ-კლიმატური კურორტი. 

დღეს ამ ადგილს საჭმლის მომნელებელი, საყრდენ-მამოძრავებელი და პერიფერიული ნერვული სისტემის სამკურნალოდ სტუმრობენ. სქურში ნოტიო სუბტროპიკული კლიმატი, ზომიერი ტემპერატურა, დაბალი ბარომეტრული წნევა და ჟანგბადის სიუხვეა, რაც მთისა და ზღვის ჰაერის შეზავებითაა განპირობებული. 

სოფელი სქური

სქური მდინარე ჭანისწყლის ნაპირას, ზღვის დონიდან 450-500 მეტრზეა გაშენებული. სიტყვა „სქური“ ტყიან ხეობას ნიშნავს. ირგვლივ კი ორი მდინარე - ნოლიმერი და წისქვილარი მოედინება. მდინარეები კალმახითაა მდიდარი და აქვე, ჭანისწყალზე მცირე ჰესი - სქურჰესიც შეგხვდება.

სქურის მიდამოები მდიდარია ისტორიული ძეგლებით. მათ შორის აღსანიშნავია სქურის ეკლესია, ზურგიანი კოშკი, ნაეკლესიარი მთავარანგელოზი, დარბაზული ეკლესიის ნანგრევი, „თეთრი ციხე“, რომელიც I-III საუკუნეებით არის დათარიღებული. ხეობაში ფუნქციონირებს მამათა მონასტერი. 

კურორტის ტერიტორიაზე საპიკნიკე ადგილებიც მრავლადაა. ღამის გათევა და უგემრიელესი კერძების დაგემოვნება კი სტუმართმოყვარე მეგრელებთანაც შეგიძლია.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა