სამკურნალო მჟავე წყლებით განთქმულ ამ ალპურ სოფელში და მის გარშემო უნიკალურ ისტორიულ ძეგლებს, მყინვარებს, ტბებსა და ჩანჩქერებს ნახავ, თუმცა ლეირაყის ჩანჩქერი მათ შორის გამორჩეულია. ჩანჩქერი სოფლიდან ჩრდილოეთით მდებარეობს. მისი სიმაღლე 150 მეტრია, კიბისებური ფორმა აქვს და 5 საფეხურისგან შედგება, საიდანაც 4 ჩანს, მეხუთე კი დამალულია.
ნაკრის ცენტრიდან ჩანჩქერამდე 12 კმ-ია. აქედან 10 კილომეტრის გავლა მაღალი გამავლობის ავტომანქანით არის შესაძლებელი, ხოლო 2 კმ-ს ფეხით ან ცხენით დაფარავ. ლეირაყიდან 9-10 კილომეტრში დონღუზორუნის უღელტეხილი მდებარეობს, საიდანაც ევროპაში უმაღლესი მწვერვალის, იალბუზის დანახვაც შეგიძლია.
ცისარტყელას ფერებში მოლივლივე ჩანჩქერიდან მწვანეში ჩაფლული მთების ულამაზესი ხედები იშლება, რაც ამ ადგილს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.
გასაოცარი თავგადასავლის შემდეგ კი დასვენებასა და ღამის გათევას ნაკრაში შეძლებ, სადაც შენს განკარგულებაში რამდენიმე კეთილმოწყობილი საოჯახო სასტუმრო იქნება.