ლომისის მონასტერი ქსნისა და არაგვის წყალგამყოფ ქედზე, ზღვის დონიდან 2300 მეტრ სიმაღლეზეა აშენებული. ძეგლი ერთმანეთთან მიდგმული სამი დარბაზული ეკლესიისგან შედგება. ეკლესიის სამხრეთით ორსართულიანი სამრეკლოა, რომელიც გვიანდელი შუა საუკუნეებით არის დათარიღებული. ირგვლივ კი აკლდამებია. ყველაზე უკეთ დასავლეთით მდებარე ერთი აკლდამაა შემონახული, რომელსაც კარი და სარკმელი აქვს და კამარითაა გადახურული.
ყოველ წელს ტაძარში ლომისობა აღინიშნება – რომელიც ერთ-ერთი უძველესი ქართული სატაძრო დღესასწაულია. მისი აღნიშვნის თარიღს აღდგომის თარიღიდან ითვლიან.
ამ ქრისტიანულ დღესასწაულზე დღემდეა შემორჩენილი ერთი წარმართული წესი - პირუტყვის შეწირვა. თუმცა ლომისაზე ბევრი მხოლოდ სალოცავად ადის.
ეკლესიაში 50 კგ-მდე წონის ჯაჭვი ინახება და გადმოცემის თანახმად, ვინც ამ ჯაჭვს კისერზე შემოიხვევს და ტაძარს ლოცვით სამგზის შემოუვლის, წმინდა გიორგი მას თხოვნას შეუსრულებს.
ლომისის მონასტერი მოქმედია და აქ რამდენიმე ბერი ცხოვრობს.