მანგლისში მდებარეობს იერუსალიმის წმინდა მთის - სიონის სახელის მატარებელი 11 ქართული ტაძრიდან ერთ-ერთი - ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარი (მანგლისის სიონი).
ისტორიული წყაროების თანახმად, ამ ადგილას პირველი ქვის ტაძარი IV საუკუნის ოცდაათიან წლებში, საქართველოში ქრისტიანობის ოფიციალურ რელიგიად გამოცხადებისთანავე ააგეს.
ამჟამინდელი ტაძარი V და XI საუკუნეების ორ სამშენებლო ფენას მოიცავს.
XI საუკუნეში, გიორგი I-ის მეფობის დროს, მანგლისის სიონი საფუძვლიანად გადააკეთეს, მოაჩუქურთმეს, ტაძრის კედლები ფრესკებით მოხატეს.
საუკუნეების განმავლობაში მტრის ჯარებმა ტაძარი ბევრჯერ დაარბიეს და გაძარცვეს, თუმცა ის მყარადაა ნაგები და მრავალ საუკუნეს გაუძლო.
XIX საუკუნეში, რუსული იმპერიალისტური მმართველობის პერიოდში, როცა მანგლისში რუსული საჯარისო ნაწილები იდგნენ, ტაძარს სხვადასხვა სამუშაოები ჩაუტარდა. ამ დროს საბოლოოდ დაიკარგა წარწერები, ჩუქურთმებიანი ქვები და ფრესკები. მოხატულობა ამჟამად მხოლოდ ტაძრის გუმბათშია შემორჩენილი.
მანგლისის სიონში ინახება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ქრისტიანული სიწმინდე - ძელიცხოვლის ჯვრის ნაწილი. აქვეა დაბრძანებული მანგლისის ღვთისმშობლის ხატი, რომელსაც სასწაულმოქმედ თვისებებს მიაწერენ.