KA

მანგლისი

მანგლისი წიწვოვან ტყეებში ჩაფლული კურორტია, რომელიც თბილისიდან 63 კილომეტრით არის დაშორებული და ცნობილია როგორც სამკურნალო ჰავით, ისე ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლითაც.
რა დრო სჭირდება მგზავრობას:
თბილისი
1:20 სთ
ბათუმი
6:35 სთ
ქუთაისი
4:25 სთ

კურორტი მანგლისი

მდინარე ალგეთის მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 1200 მეტრზე მდებარე კურორტზე ზამთარი ზომიერად ცივია, ზაფხული - ხანგრძლივი და თბილი. 

მრავალფეროვანი ტყის მასივი და ფიჭვნარი იდეალურ გარემოს ქმნის ფილტვებისა და ბრონქების დაავადებების მქონე ადამიანებისთვის. 

მანგლისში განსაკუთრებული ჰაერია გაზაფხულის მიწურულს - ამ დროს ფიჭვი ყვავის და ჰაერში ფიჭვის ყვავილების მტვერი იფანტება, რომელიც ბუნებრივი ანტიოქსიდანტია.

ზაფხულში მანგლისში სასიამოვნო სიგრილეა, საკურორტო სეზონი სექტემბრამდე გრძელდება. ზამთარში კი რბილი ჰაერია და ზომიერი თოვლი იცის. 

მანგლისის ცენტრში გასართობი პარკებია, სადაც ზაფხულობით ბევრი ატრაქციონი მუშაობს. 

დაბა მანგლისიდან იწყება საფეხმავლო გზა ალგეთის ეროვნულ პარკში. დაბურულ ტყეში მიმავალ ულამაზეს ბილიკზე იშვიათი სახეობის მცენარეები და სოკოები შეგხვდება. ბილიკზე შეიძლება შველი და კურდღელიც შემოგეფეთოს. 

მანგლისის ისტორია და კულტურა

ეს ადგილი ჯერ კიდევ ადრე ანტიკურ ხანაში ყოფილა დასახლებული; აქ აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა იმაზე მიუთითებს, რომ მანგლისზე მნიშვნელოვანი სავაჭრო გზა გადიოდა, რომელიც საქართველოს რომთან და შემდეგ ბიზანტიასთან აკავშირებდა.

IV საუკუნის დასაწყისში კი, საქართველოში ქრისტიანობის ოფიციალურ რელიგიად გამოცხადებისთანავე, სწორედ მანგლისში აიგო ერთ-ერთი პირველი ტაძარი - მანგლისის სიონი. ტაძარმა დღევანდელი სახე XI საუკუნეში მიიღო, როცა საფუძვლიანად გადააკეთეს. ეს დიდებული ტაძარი მოქმედია. მისი ფრესკები შუა საუკუნეების ქართული ფრესკული მხატვრობის გამორჩეული ძეგლია. აქ დღემდე ინახება უდიდესი ქრისტიანული სიწმინდე - ძელიცხოვლის ჯვრის ნაწილი და ღვთისმშობლის უძველესი ხატი, რომელზედაც ასეთი წარწერა იკითხება: „ღვთისმშობლის ვედრების ხატი, პირველი საუკუნისა“. 

 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა