KA
Martvili Canyon

მარტვილის კანიონი

სამეგრელოს ერთხელ მაინც თუ ეწვევი, აქ მიღებული გამოცდილება არასოდეს დაგავიწყდება. მარტვილის კანიონი სწორედ სამეგრელოში, მარტვილის მუნიციპალიტეტში მდებარეობს.
რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთი
ქალაქი
მარტვილი

სამეგრელოს ერთხელ მაინც თუ ეწვევი, აქ მიღებული გამოცდილება არასოდეს დაგავიწყდება. მარტვილის კანიონი სწორედ სამეგრელოში, მარტვილის მუნიციპალიტეტში მდებარეობს.

რას ნახავ მარტვილის კანიონში?

ისტორიულად ეს ადგილები სამეგრელოს თავადი დადიანების საზაფხულო რეზიდენციის ნაწილი იყო. ტერიტორია დაფარულია კოლხური ტყით, ხოლო ვიზიტორთა ცენტრი სოფელ ინჩხურშია. აქედან იწყება 700 მ. სიგრძის წრიული საფეხმავლო ბილიკი, რომელსაც ბუნების სიღრმეში შეჰყავხარ. ბილიკზე 2 ბუნებრივი ხიდი უნდა გადაიარო, სადაც კირქვის ლოდებისგან აშენებული ოცდაათსაფეხურიანი კიბე და ასევე სამი გადასახედი პლატფორმა შეგხვდება, მაგრამ მთავარი თავგადასავალი წინ გელოდება.

კანიონზე გასეირნება

მდინარე აბაშის ნაპირზე რეზინის ნავები და გამცილებლები დაგხვდებიან. თითო ნავში 6 ადამიანი თავსდება და აქ სპეციალურ ეკიპირებასაც - ჟილეტებსა და ჩაფხუტებს მოგარგებენ. ამის შემდეგ 300-350 -მეტრიანი მონაკვეთის გასავლელად დაიძვრები და სურვილის შემთხვევაში, ნავის მართვა მენავესთან ერთადაც შეგიძლია. 

ნავი ხავსით დაფარულ კლდეებს შორის, მდინარის კალაპოტს გაჰყვება, შუა გზაზე კი კლდიდან პატარა ჩანჩქერები გადმოედინება, რომლებიც ჯადოსნურად ფირუზისფერია. 

კანიონზე ნავით გასეირნებას ყოველდღე შეძლებ, თუმცა გაითვალისწინე, რომ არ უნდა წვიმდეს. აქტიური სეზონი აპრილიდან ნოემბრამდე გრძელდება. აქ მკაცრად არის დაცული უსაფრთხოების ზომები: წვიმიან ამინდში სანაოსნო მონაკვეთზე გასვლა არ შეიძლება, აკრძალულია შესვლა ნასვამ მდგომარეობაში, ბავშვების შესვლა ზედამხედველის გარეშე, ბანაობა, თევზაობა, სიგარეტის მოწევა, ბუნებრივი მასალის შეგროვება და მცენარეების მოწყვეტა.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა