KA

ასვლა მაჩხაფარაზე - კლასიკური მარშრუტი

ზესხოს მთავარ მწვერვალზე დამოუკიდებლად ასვლა მთამსვლელობის გამოცდილების მქონე ადამიანისთვისაა დასაშვები. მოყვარულმა მწვერვალზე ასვლა მხოლოდ გამოცდილ გამყოლთან ერთად უნდა დაგეგმოს. მარშრუტის სირთულე - 3ა.
რეგიონი
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი
ქალაქი
ლენტეხი

მაჩხაფარას მწვერვალის დახასიათება 

ზესხოს მთავარი მწვერვალი მდებარეობს ლენტეხის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონის მთავარ ქედზე, მდინარე ცხენისწყლის მარჯვენა შენაკადის, მდინარე ზესხოს სათავეში. მისი სიმაღლე 3800 მეტრია. მწვერვალი მთის მასივის ცენტრალური ნაწილია. მარშრუტზე გვხვდება ნაშალი ქვები, კლდოვანი ქედი და თოვლის საფარი. 

პირველი დღე 

მარშრუტი იწყება ზესხოს ალპინისტური ბანაკიდან, ზღვის დონიდან 1800 მეტრ სიმაღლეზე. მივუყვებით მდინარე ზესხოს ხეობას, რის შემდეგაც ტყის გავლით ქედზე ასვლას ვიწყებთ. პირველი საბანაკო ადგილი 2800 მეტრ სიმაღლეზე, მწვანე საფარზე მდებარეობს. ასავლელი ვერტიკალი 1000 მეტრია, საჭირო დრო - 5-6 საათი.

მეორე დღე

მწვერვალისკენ ადრიანად გავდივართ. ალპური ზონიდან კლდოვან ქედზე ვინაცვლებთ, რომლის გავლითაც პირდაპირ მწვერვალზე აღმოვჩნდებით. გზად ნაშალი ქვები გვხვდება. 5-10 წუთის დაყოვნების შემდეგ მწვერვალიდან იმავე მარშრუტით ვბრუნდებით ბანაკში. ასავლელი ვერტიკალი 800 მეტრია, საჭირო დრო - 5-6 საათი. 

თუკი ფიზიკურად კარგად ვართ მომზადებულები, შეგვიძლია, ზესხოს საბანაკოში იმ დღესვე დავბრუნდეთ, თუ - არა, მესამე დღეს იმავე მარშრუტით ვბრუნდებით, როგორითაც ამოვედით. 

ზესხოდან ულამაზესი ხედები იშლება. 

დამატებითი ინფორმაცია

ზესხოზე ასვლა რეკომენდებულია ივლისის დასაწყისიდან აგვისტოს ბოლომდე.

ლენტეხის ცენტრიდან მარშრუტის საწყის წერტილამდე 55 კმ-ია. ადგილზე  მისასვლელად ნებისმიერი გამავლობის ავტომობილი გამოდგება. მისი დაქირავება შესაძლებელია ლენტეხის ავტოსადგურზე.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა