KA

ლენტეხი

ქუთაისიდან 102 კმ-ში, მდინარე ცხენისწყლის ულამაზესი ხეობის აყოლებაზე, ზღვის დონიდან 760 მეტრზე, ქვემო სვანეთის ცენტრში - ქალაქ ლენტეხში აღმოჩნდები, ადგილზე, რომელსაც ზემო სვანეთის კარიბჭესაც უწოდებენ. ლენტეხის მუნიციპალიტეტი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალმთიანი და საინტერესო ადგილია. სამხრეთით მას ლეჩხუმის ქედი ესაზღვრება, დასავლეთით - კოდორის ქედი, ჩრდილოეთით კი - კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი.
რა დრო სჭირდება მგზავრობას:
თბილისი
5:40 სთ
ბათუმი
4:00 სთ
ქუთაისი
1:50 სთ

სადადიანო სვანეთი

ქვემო სვანეთს სადადიანო სვანეთსაც უწოდებენ. XIX საუკუნის დასაწყისიდან ის სამეგრელოს მთავრების, დადიანების მფლობელობაში შედიოდა. ლენტეხში დღესაც დგას დადიანების ციხე-დარბაზის კომპლექსი, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულო.

უნდა ეწვიო სვანურ კოშკებსაც, მაგალითად, ლექსურის კოშკებს, რომლებიც პირდაპირაა მიდგმული საცხოვრებელ სახლებზე. აქვე დაგხვდება შუა საუკუნეების ტაძრები უნიკალური სვანური მხატვრობით - ტვიბის მთავარანგელოზის, მამის მაცხოვრის, ჩიხარეშის ღვთისმშობლის, სკალდის მთავარანგელოზის ეკლესია, ფაყის ღვთისმშობლის, ჩუკულის მთავარანგელოზისა და ჟახუნდრის წმინდა გიორგის ეკლესიები.

საქართველოს ამ ნაწილის ისტორიის უკეთ გაცნობა ლენტეხის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში შეგიძლია, სადაც დაცულია ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიური მასალა, XI-XII საუკუნეების საეკლესიო ნივთები, XVII-XVIII საუკუნეების ხელნაწერი ლოცვები და ქვემო სვანეთის ეთნოგრაფიული კოლექცია.

ლაშქრობის მოყვარულთათვის

აზვირთული მთები მჩქეფარე მდინარეებით, იდუმალი ხეობებითა და ულამაზესი ფერის ყვავილებით კარვებით მოგზაურობის მოყვარულებისა და მთამსვლელებისთვის მიმზიდველ გარემოს ქმნის​. 

ლაშქრობის მოყვარულებს დიდ სიამოვნებას მიანიჭებს ლენტეხი - მაცხვარიშის, მანანური - ტვიბერის, ხაჩეში - დობერაზენის, შკედი - ლიხეთისა და სასაში - ლაშიჭალის ბილიკები. 

კურორტი მუაში

ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1300 მ-ზე, მდებარეობს კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტი მუაში. ნოტიო ჰავით, ცივი ზამთრითა და ხანგრძლივი გრილი ზაფხულით ის საქართველოს ერთ-ერთ საინტერესო კურორტად მიიჩნევა. აქ მინერალური წყლებია, რომლებსაც დასალევადაც იყენებენ და აბაზანებისთვისაც. წყლები ძირითადად საჭმლის მომნელებელი სისტემის, სახსრებისა და პერიფერიული ნერვული სისტემის სამკურნალოდ გამოიყენება. 

მინერალური წყლები ლენტეხის სხვა ადგილებშიც მრავლად მოედინება.

 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა