ქედის მუნიციპალიტეტის ამ სოფელში, ზღვის დონიდან 335 მეტრის სიმაღლეზე, კლდეების სიღრმეში საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე იოლად მისადგომი და პოპულარული ჩანჩქერი იმალება. ჩანჩქერი მდინარე აჭარისწყლის მარჯვენა მხარეს მდებარეობს და საავტომობილო გზიდან, სულ რაღაც, 5 წუთის სავალზეა. ის ჯერ პატარა შენაკადად მოედინება, შემდეგ 50 მეტრიდან ეშვება და დიდ მორევს აჩენს. ყველაფერი ეს ხასხასა სიმწვანეში, ტუფის ქვეით აგებულ ქედზე ხდება და დაუვიწყარ სანახაობას ქმნის.
მახუნცეთის ჩანჩქერის მონახულება წლის ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი. ირგვლივ მრავლადაა საპიკნიკე ადგილები, არის კვების ობიექტებიც. ამდენად, მთელი დღის ჩანჩქერთან გატარებაც თავისუფლად შეგიძლია. აქ ადგილობრივ თაფლსა და ჩურჩხელასაც შეიძენ და აჭარულ კერძებსაც გასინჯავ. ადგილობრივები შენ თვალწინ დაჭერილ მდინარის თევზსაც შემოგთავაზებენ და ქედის ცნობილი ღვინოებითა და მუხის კასრში დაყენებული ჭაჭითაც გიმასპინძლებენ. აქ ნახავ ადგილობრივ ოსტატებს, რომლებიც საკუთარ ნახელავ ხის ჯამ-ჭურჭელს თავიანთი სახლების წინ ყიდიან.
მახუნცეთიდან შეგიძლია აჭარისწყლის სანაპიროებს ნავით გაუყვე და ჯომარდობითაც კი დაკავდე. აღსანიშნავია, რომ მახუნცეთში აჭარაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი თაღოვანი ხიდია, რომელიც IX-X საუკუნეებს ეკუთვნის და ჩანჩქერთან ერთად, მის მონახულებასაც შეძლებ.