ქედა ზღვის დონიდან 256 მეტრზე, ბათუმიდან აღმოსავლეთით 41 კმ-ის დაშორებითაა გაშენებული. მისი ყველაზე მაღალი მწვერვალი, ყანლი, 2987 მეტრი სიმაღლისაა.
ქედაში დაათვალიერებ სათვალთვალო კოშკებს: გულებს, კავიანს, ძეწნამს, საღორეთს. ნახავ დანდალოს, მახუნცეთის, პირველი მაისისა და წონიარისის ხიდებს. არ გამოგრჩეს აზენდიდისა და ცივასულას ციხეები. ქედაში შეგიძლია მოილოცო წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიასა და ზვარის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში.
აჭარისწყალისა და მთის მდინარეების ხეობები, ფოთლოვანი და წიწვოვანი ტყეები, ჩანჩქერები - ეს ყველაფერი ქედის მუნიციპალიტეტის ბუნებრივი სიმდიდრეა. აქ მრავალფეროვანია ცხოველთა სამყაროც.
ბუნება და ხმელთაშუა ზღვის მსგავსი კლიმატი ქედაში უნიკალურ ჰავას ქმნის. შეგიძლია დააგემოვნო „გუნდაურისა“ და „კოკოტაურის“ მინერალური წყლები, რომლებიც გამაჯანსაღებელი თვისებებით გამოირჩევა. „კოკოტაურის“ წყალს საერთაშორისო სერტიფიკატიც აქვს მინიჭებული.
ქედის მუნიციპალიტეტში ქვაში ნაკვეთი შვიდი ძველთაძველი საწნახელია აღმოჩენილი. კერძოდ კი სოფელ: ძენწმანში, ზუნდაგაში, ოქტომბერში, აქუცაში (ამჟამად ღვინის სახლშია გადატანილი), კოკოტაურში და სამიც სოფელ ორცვაში. საწნახლების ასაკი ამ მხარეში ღვინის დაყენების კულტურის სიძველეზე მიუთითებს. გამორჩეული გემოვნური თვისებების გამო, განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს აქაური ჩხავერი და ცოლიკაური. ქედის მარნებში ეს ღვინოები აუცილებლად უნდა გასინჯო.