საუკუნეების წინათ თურმე აქ საბერო სენაკები ყოფილა და რამდენიმე ბერი ცხოვრობდა. მლოცველი ბერები გაწვალებულნი ყოფილან უწყლობით და ღმერთს შემწეობას სთხოვდნენ. გადმოცემის თანახმად, ერთხელაც ღმერთს ბერების ლოცვა შეუსმენია და ამ ადგილზე ტბა გაუჩენია, რომელსაც მეზირის (სვანურად მლოცველის) ტბა უწოდეს.
ამ ტბის მიმართ სვანებს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ. აქ აკრძალულია ბანაობა, ტბაში კენჭის ჩაგდებაც კი, ტბის ახლოს ხმაურიც კი იკრძალება. სვანები მიიჩნევენ, რომ ტბის წაბილწვა ღვთის რისხვას გამოიწვევს, რაც ძლიერ გაავდრებაში გამოიხატება.
მეზირის ტბიდან ულამაზესი ხედები იშლება, რადგან უშბა და კავკასიონი აქედან საოცარი რაკურსით ჩანს. ტბაში არეკლილი მთები კი მართლაც რომ შეუდარებელი სანახაობაა.
ტბასთან მისასვლელად ორი გზა არსებობს. ბეჩოს თემიდან ფეხით დაახლოებით 4 კმ-ია დასაფარი, ეცერიდან კი ტბებამდე მისვლას 3-4 საათი და ცხენები დასჭირდება.
როდესაც ტბამდე მიაღწევ, მიხვდები, რომ ეს სანახაობა არასოდეს დაგავიწყდება.