ძამის ციხე შიდა ციხისა და გალავნისგან შედგება. გალავანი მართკუთხა მოხაზულობისაა. მის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში ბურჯებით გამაგრებული ოთხკუთხა კოშკია ჩართული. დღეს მისგან მხოლოდ 3 სართულია შემორჩენილი.
სამხრეთ-აღმოსავლეთის კუთხეში მდგარი შენობის ქვედა სართულში ორი ეკლესიაა, ზემოთ კი - სხვადასხვა დანიშნულების სათავსები. ეზოში რამდენიმე საცხოვრებელი ნაგებობა გვხვდება. კოშკებში, ყოველ სართულზე, ბუხრები, სარკმლები და ნიშებია.
ციხის ტერიტორიაზე გაწმენდითი სამუშაოებისას აღმოჩენილია ჭურჭლის ფრაგმენტები, კერამიკული წყალსადენი მილები, ლოდსატყორცნის ლოდები და სხვა. ყველაფერი ეს მიუთითებს იმაზე, რომ მზოვრეთს დიდი ისტორია აქვს.
2008 წელს მზოვრეთის ციხე ასურელ მამათა სახელობის მონასტრად იკურთხა. დღეს ეს ადგილი წალკოტს მოგაგონებს. წელიწადის ყველა დროს მზოვრეთის ციხიდან ტყით დაფარული მთებისა და გორაკების საოცარი ხედები იშლება.