შენობაში შესვლამდე თუმანიშვილის ძეგლს ჩაუვლი, რომლის კომპოზიციაც ისეთივე განსხვავებული და გამორჩეულია, როგორი განსხვავებული და გამორჩეულიცაა ამ რეჟისორის ხელწერა ქართულ თეატრალურ სამყაროში.
თეატრს მუდმივმოქმედი დასი ჰყავს, რომლის ძირითად ბირთვს თავად მიხეილ თუმანიშვილის მიერ აღზრდილი მსახიობები შეადგენენ.
კინომსახიობთა თეატრის რეპერტუარში ქართველი და უცხოელი, კლასიკოსი და თანამედროვე ავტორების პიესების მიხედვით დადგმული 35 სპექტაკლია. მათ შორის: ჰაინერ მიულერის „ჰამლეტი/მანქანა“, უილიამ შექსპირის „მეფე ლირი“, რასმუს ლინდბერგის „უდღეური დღეობა“, რეზო გაბრიაძისა და თორნტონ უაილდერის „ჩვენი პატარა ქალაქი“ და იან ტაატეს „ხომ არ აფრენ“.
კინომსახიობთა თეატრს მცირე დარბაზიც აქვს, სადაც თეატრალურ ექსპერიმენტებსა და სტუდიურ სამუშაოებს ეთმობა სცენა.
გარდა ამისა, თეატრში ფუნქციონირებს საგამოფენო სივრცე და არტკაფე.