KA
Nakipari St. George Church

ნაკიფარის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია

სვანეთი საქართველოს ერთ-ერთი გასაოცარი მხარეა, რომელსაც უდიდესი ისტორია და საოცარი კულტურა აქვს. აქ უამრავ ნაგებობას შეხვდები, თუმცა აღსანიშნავია, რომ ნაკიფარის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია საკმაოდ გამორჩეულია.
რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთი
ქალაქი
მესტია

რით არის განსაკუთრებული ნაკიფარის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია?

სვანეთის სხვა ეკლესიებისგან განსხვავებით, ნაკიფარის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია ფასადების შემკულობით ხასიათდება. X საუკუნის სვანეთის ეს ქრისტიანული სალოცავი მესტიის მუნიციპალიტეტში, იფარის თემში, სოფელ ნაკიფარში დგას. 

განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს კონქის გრანდიოზული კომპოზიცია. მასზე ვედრების გავრცელებული იკონოგრაფიული ვერსიაა გამოსახული. ჩრდილოეთ კედელზე კი წმინდა მხედრების საზეიმო კომპოზიციაა დატანილი. 

ნაკიფარის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მხატვრობა

გამორჩეული მხატვრულ-არქიტექტურული გადაწყვეტით ყურადღებას იქცევს ტაძრის აღმოსავლეთი ფასადი, რომელიც შემკულია ფრესკებითა და ზოომორფული სკულპტურული ნიმუშებით.

ტაძრის მოხატულობა მხატვარ თეოდორეს ეკუთვნის, რომლის მოღვაწეობა XI–XII საუკუნეებს ემთხვევა. ვარაუდობენ, რომ იგი წარმოშობით სვანი იყო და მეფე დავით აღმაშენებლის მხატვრის ტიტულს ატარებდა.

ნაკიფარის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დაცულია XI, XII და XIII საუკუნეების ჭედური ხატები. ეკლესიის წმინდა გიორგის ხატის წარწერის მიხედვით კი ვიგებთ, რომ ხატი ასან ოქრომჭედელს მოუჭედავს და ის ოქროთი და ვერცხლით შეუმკია.

უძველესი ეკლესია შემაღლებული ადგილიდან გადმოჰყურებს ტერიტორიას, სადაც ადრე ნაქალაქარი იყო და დღემდეა შემორჩენილი.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა