ამ ადგილებში ერთ-ერთი პოპულარული ონიორეს ჩანჩქერი და ონიორეს მღვიმეა, იგივე ტობის პირველი მღვიმე. ის სოფელ მეორე ბალდის მახლობლად, მდინარე ტობის ხეობაში, ზღვის დონიდან 680 მეტრზე მდებარეობს.
მღვიმისა და ჩანჩქერის ირგვლივ კოლხური ბზის კორომებია.
მღვიმის ჭერის სიმაღლე 30 მეტრია, სიგანე კი - 12-15 მეტრი. მღვიმეში ორი ჩანჩქერია. შიდა ჩანჩქერის სიმაღლე 21 მეტრია, რომელიც შესასვლელიდან დაახლოებით 70 მეტრში გვხვდება. გარე ჩანჩქერის სიმაღლე კი 84 მეტრს აღწევს და მას მღვიმიდან გამომავალი მიწისქვეშა მდინარის ნაკადი წარმოქმნის.
მღვიმესთან მოსახვედრად სოფელი მეორე ბალდა უნდა გაიარო. მანქანას სოფლის ბოლოში, მონასტერთან, საპარკინგე ადგილზე გააჩერებ. აქედან 5-კილომეტრიანი ბილიკით კი პირველ შესასვენებელ ადგილას მიხვალ.
ამის შემდეგ მღვიმემდე და ჩანჩქერებამდე 2 კილომეტრი დაგრჩება. საფეხმავლო ბილიკის ბოლო მონაკვეთი საკმაოდ რთულია, ამისთვის კი უმჯობესია, თუ ადგილობრივ გიდს გაიყოლებ.
მონასტრიდან პირველ შესასვენებელ ადგილამდე მისვლა მაღალი გამავლობის მანქანითაც შეგიძლია.