ეს მეჩეთი მოქცეული იყო აჰმედისა და აზიზიეს ჯამეებს (მეჩეთებს) შორის. სწორედ ამიტომ ეწოდა მას „ორთა ჯამე“. ადრე მის ადგილზე ხის მეჩეთი იდგა, რომელიც ახმედ ფაშა ხიმშიაშვილს თავის რეზიდენციასთან აუგია. „ახმედიეს“ სახელით ცნობილი ეს სალოცავი მალე დაიწვა და სწორედ მას შემდეგ აიგო “ორთა ჯამე”, ორსართულიანი მართკუთხა შენობა, კუთხეში მაღალი მინარეთითა და ცენტრში მოოქრული გუმბათით. მეჩეთის ჭერი, გუმბათი, ასევე კათედრისა და მინარეთის მოაჯირები მოხატულია, გარედან კი თეთრია.
შენობას აქვს პროფილირებული საპირეებითა და ბრტყელი ფრონტონებით შემკული მართკუთხა ფანჯრები, რომლებსაც წრიული, ნახევარმთვარეების გამოსახულებით მორთული ფანჯრები ენაცვლება. მეჩეთის აღმოსავლეთის შესასვლელი ფლანკირებულია პილასტრებით, რომლებსაც შენობის მაღალი, მუზარადის ფორმის თაღი ადგას.
1935 წლამდე მეჩეთი უწყვეტად ფუნქციონირებდა, საბჭოთა წლებში კი სამხედრო საწყობად გამოიყენებოდა. 1946 წლიდან მსახურება აქ კვლავ განახლდა.
ბათუმელი მუსლიმები ისლამური სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე დიდ დღესასწაულს – ბაირამობას - სწორედ ორთა ჯამეში ლოცვით ხვდებიან.