კანიონისკენ მიმავალი გზა უსწორმასწორო და ქვაღორღიანია. ერთ მონაკვეთს მანქანით გაივლი, შემდეგ კი გზა ველურ ბუნებაში შედის, ნელ-ნელა ვიწროვდება და დაბრკოლებების გადალახვა უკვე ფეხით გიწევს. რაც უფრო უახლოვდები კანიონს, მით უფრო გრილდება ჰაერი. ამიტომაც ზაფხული აქ მოგზაურობისთვის საუკეთესო დროა.
გარემო იმდენად მისტიკურია, რომ შესაძლოა, თავი ფილმის გმირადაც წარმოიდგინო. რეალურად ეს საოცრება გურიაში, ლანჩხუთის რაიონში, სოფელ მოედანშია.
კანიონის სიგრძე თითქმის ერთი კილომეტრია. დაახლოებით 700 მეტრის გავლის შემდეგ კანიონი ორ ნაწილად იყოფა. აქედან მოდის მისი სახელიც - ორკარი.
მარჯვენა მხარეს გაცილებით რთული მარშრუტია. ის პროფესიონალებზეა გათვლილი, რომლებიც გზას სპეციალური ეკიპირებით გადიან. ამ მარშრუტის ზოგიერთ მონაკვეთში წყალში გავლაც კი დაგჭირდება.
მარცხენა მხრიდან კანიონის მოვლას ნებისმიერი შეძლებს. გზის ბოლოს ულამაზესი ჩანჩქერი დაგხვდება, რომელთანაც სპეციალური კიბეა დამონტაჟებული.
ორკარის კანიონი განსაკუთრებით საინტერესოა საფეხმავლო ტურიზმის მოყვარულებისთვის. ამიტომ, თუ კარგი მოლაშქრე ხარ, ორკარის კანიონი შენს მარშრუტში შეიტანე, მით უფრო, რომ ბევრისთვის, მათ შორის გურიაში მცხოვრებთათვისაც, აქაურობა ჯერ კიდევ უცნობია.