KA

3-დღიანი ჯიპ-ტური: ახალციხე - ზემო აჭარა - ბათუმი

ამ ტურით სამი დღის განმავლობაში მოივლი ისტორიულ ადგილებს, მაღალმთიანი აჭარის ულამაზეს სოფლებს, ნახავ სიმწვანეში ჩაფლულ ტბებს, ალპურ ბოტანიკურ ბაღსა და საზაფხულო იაილებს.  
რეგიონი
სამცხე-ჯავახეთი
ქალაქი
ახალციხე

I დღე: ახალციხე - ბეშუმი - სათხილამურო კურორტი გოდერძი

ახალციხიდან გოდერძის უღელტეხილისკენ (2025 მ) გაემგზავრები, რომელიც სამცხე-ჯავახეთსა და აჭარას ერთმანეთთან აკავშირებს. გაივლი ადიგენსა და სოფელ ზარზმას, სადაც შუა საუკუნეების ზარზმის მონასტერს ნახავ. 

გოდერძის უღელტეხილის ჩრდილოეთით, 6 კმ-ში, მწვანე ტბაა - აქ საუკეთესო ადგილებია პიკნიკისა და კემპინგისთვის. 

შემდეგ გაივლი კურორტ ბეშუმს, რომელიც ზღვის დონიდან 1900 მ-ზე მდებარეობს. 

დაათვალიერებ გოდერძის ალპურ ბოტანიკურ ბაღს და ღამის გათევას სათხილამურო კურორტ გოდერძის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბეშუმში ან ახლომდებარე სოფლებში, საოჯახო სასტუმროებში შეძლებ. 

II დღე: შუამთის ტბები - ხიხანის ხეობა - ხიხაძირი

ბეშუმიდან მანქანით ნახევარი საათის გზაა შუამთის ტბებისკენ. სიმწვანეში ჩაფლული ეს 3 ტბა განსაკუთრებით შთამბეჭდავია ივნის-სექტემბერში. აქედან პანორამული ხედები იშლება X-XI საუკუნეების ხიხანის ციხეზე, რომელიც ზღვის დონიდან 2235 მ სიმაღლეზე მდებარეობს. 

ტბებიდან ხიხანის ხეობაში დაეშვები და ხიხანის ციხეს უკვე ახლოს ნახავ. 

ღამის გათევა სოფელ ხიხაძირში, საოჯახო სასტუმროებში შეგიძლია. 

III დღე: ხიხაძირი - ჩირუხის ხეობა - უახევი - ბათუმი 

ხიხაძირიდან ჩირუხის ხეობის მიმართულებით წახვალთ, სადაც ალპურ ზონაში, ზღვის დონიდან 2148 მ-ზე საზაფხულო იაილებთან მოხვდები. 

აქ პატარა ხის სახლებში მემთეები ცხოვრობენ - მსხვილფეხა საქონლის გამოსაკვებად მთაში დროებით ასული ადამიანები. ისინი გულიანად გიმასპინძლებენ და უგემრიელეს რძის პროდუქტსაც შემოგთავაზებენ. 

აქედან უკვე შუახევის მიმართულებით დაეშვები. შუახევიდან ბათუმისკენ გასამგზავრებლად კი ცენტრალურ გზას დაადგები.

სასარგებლო ინფორმაცია

ამ მარშრუტზე მოგზაურობისთვის საუკეთესო სეზონია ივნის-სექტემბერი.

ავტომობილი უნდა იყოს SUV ტიპის, შესაბამისი აღჭურვილობით. 

რეკომენდებულია A/T ან M/T საბურავი. 

თან უნდა იქონიო GPS ნავიგატორი. 

საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში ნებისმიერი ადგილიდან შეგიძლია დაუკავშირდე საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრს, ნომერზე 112.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა