KA

ჯიპ-ტური: ბორჯომი - ბაკურიანი - ტაბაწყურის ტბა

ამ მარშრუტით ულამაზეს გზასა და განსხვავებულ ლანდშაფტებს გაივლი და ტბაში შეჭრილ ნახევარკუნძულზე დასახლებულ სოფელს ნახავ.
რეგიონი
სამცხე-ჯავახეთი
ქალაქი
ბორჯომი

მოგზაურობას კურორტ ბორჯომიდან დაიწყებ, რომელიც ბორჯომის ხეობაში, ზღვის დონიდან 810-850 მ-ზე მდებარეობს და სამთო-სათხილამურო კურორტ ბაკურიანისკენ (ზღვის დონიდან 1700 მ) გაემგზავრები, რომელიც ბორჯომიდან 30 კმ-ით არის დაშორებული,

ბაკურიანიდან გზა ცხრაწყაროს უღელტეხილზე (2462 მ), ალპურ ზონაში ადის.

მოძრაობას სოფელ ტაბაწყურისკენ გააგრძელებ, რომელიც ტაბაწყურის ტბის ნაპირზე და ტბაში შეჭრილ ნახევარკუნძულზეა გაშენებული, ზღვის დონიდან 2000 მ-ზე. 

ტბასთან ახლოს ლამაზი ადგილებია, სადაც პიკნიკის მოწყობა შეიძლება. თუ კარვით დარჩენას გადაწყვეტ, გაითვალისწინე, რომ ტაბაწყურში ზაფხულიც გრილა. ტბაში კი წყალი ზამთარ-ზაფხულ ცივია.

ბაკურიანში იმავე გზით დაბრუნდები, ბაკურიანიდან კი - ბორჯომში.

საყურადღებო ინფორმაცია:

აუცილებლად თან უნდა იქონიო პასპორტი ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ცხრაწყაროს უღელტეხილზე მდებარე პოლიციის საგუშაგოზე წარსადგენად. 

ამ მარშრუტზე მოგზაურობისთვის ავტომობილი უნდა იყოს SUV ტიპის და შესაბამისად აღჭურვილი.

სეზონი გრძელდება ივნისიდან ოქტომბრის ჩათვლით.

რელიეფიდან გამომდინარე, რეკომენდებულია A/T ან M/T საბურავი. 

ჩართული უნდა გქონდეს GPS სერვისი. 

საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში ნებისმიერი ადგილიდან შეგიძლია დაუკავშირდე საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრს, ნომერზე 112.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა