KA

ბაკურიანი

ბაკურიანი - ქვეყნის ყველაზე ძველი, 2-საუკუნოვანი სამთო-სათხილამურო კურორტი, დღეს საერთაშორისო მნიშვნელობის სათხილამურო ცენტრია, სადაც იდეალური გარემოა როგორც ზამთრის ოლიმპიური სახეობებისა და ზაფხულის ექსტრემალური სამთო სპორტისთვის, ისე მოყვარული მოთხილამურეებისთვის, სამეგობრო შეკრებებისა და ბავშვებთან ერთად დასვენებისთვის.
რა დრო სჭირდება მგზავრობას:
თბილისი
2:25 სთ
ბათუმი
4:45 სთ
ქუთაისი
2:35 სთ

ბაკურიანის ადგილმდებარეობა

ბაკურიანის სათხილამურო კურორტი ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1700 მეტრზე მდებარეობს. ის თბილისიდან 180 კილომეტრითაა დაშორებული და იქ ავტომობილით გამგზავრებაც შეგიძლია და მიკროავტობუსითაც. 

თუკი ბაკურიანისკენ ბორჯომიდან მიდიხარ, გირჩევ, პატარა რკინიგზით - ცნობილი „კუკუშკით“ ისარგებლო, რომელიც 37-კილომეტრიან მონაკვეთს ბორჯომისწყლის უმშვენიერეს ხეობაში გაივლის. 

ბაკურიანის სათხილამურო ტრასები

დეკემბრიდან მარტის ჩათვლით ყველაზე კარგი პერიოდია სამთო სპორტის მოყვარულებისთვის. 

ბაკურიანში არის: 23 სამთო-სათხილამურო ტრასა, რაც, საერთო ჯამში, 26769 მეტრია. ამას ემატება „კრისტალის საკურორტო ზონისა“ და ე.წ. 25-იანების ტრასები მოყვარულებისთვის. 

მუშაობს 17 საბაგირო გზა. შეგიძლია, შეიძინო საქართველოს სამთო კურორტების მულტიქარდი, რომელსაც საქართველოს ოთხივე სათხილამურო კურორტის: გუდაურის, ბაკურიანის, გოდერძისა და სვანეთის (ჰაწვალისა და თეთნულდის) საბაგიროებზე გამოიყენებ.

ბაკურიანში 2014 წლიდან ეტაპობრივად მიმდინარეობს ხელოვნური გათოვლიანების სისტემების, ახალი საბაგიროებისა და ახალი სასრიალო ტრასების მშენებლობა. 

კურორტზე ფუნქციონირებს მსოფლიოში ცნობილი მთის ატრაქციონიც, ე.წ. ტობოგანი (მთის ციგა). ტრასის სიგრძე 960 მეტრია.

სათხილამურო ტრასა - კობა წაქაძე 

ბაკურიანის ერთ-ერთ ტრასას, რომელიც პროფესიონალებისთვის არის განკუთვნილი, ასე ეწოდება - წაქაძე.

კობა წაქაძე XX საუკუნის 50-60-იან წლებში მსოფლიო დონის ტრამპლინიდან მხტომელი იყო. მან თხილამურებით ტრამპლინიდან ხტომაში თავისი, ე.წ. არწივისებური სტილი დაამკვიდრა, რომელიც მთელ მსოფლიოში დღესაც აქტუალურია.

„წაქაძემ თხილამურებით ტრამპლინიდან ხტომის ახალი სტილი, ალბათ, თავისდა უნებურად შექმნა. ჰაერში ის საერთოდ არ იხრება წელში. მისი სხეული გამართული და მოშვებულია. ისე იხრება წინ, რომ მისი სახე თითქმის თხილამურების წვერებს ეხება, ხელები სხეულის გასწვრივ, თავი კი მაღლა აქვს აწეული. თხილამურის სამაგრები ისე აქვს მოჭერილი, რომ მხოლოდ ფეხის წვერებით ეხება თხილამურების ზედაპირს. ის ძალიან შორს ხტება და მისი ფრენა საოცრად ლამაზია“, - წერდა 1960 წელს, სკვო-ველის ზამთრის VIII ოლიმპიური თამაშების მიმდინარეობისას „ნიუ-იორკ თაიმსის“ ჟურნალისტი. 

ასეთი ნახტომი მაშინ ნამდვილი სენსაცია იყო .სსრკ ექვსგზის ჩემპიონი (1953, 56, 60, 62, 69, 72), სსრკ ხალხთა სპარტაკიადის ჩემპიონი (1961), სსრკ თასის სამგზის მფლობელი (1968, 70, 72), ზამთრის VII, VIII, IX და XI ოლიმპიური თამაშების მონაწილე, ლეგენდარული სპორტსმენი კობა წაქაძე ბაკურიანელია; ბაკურიანში საკუთარი სახელობის ქუჩაზე ცხოვრობს და მისი სახლი იქ ყველამ იცის. 

ბაკურიანის ღირსშესანიშნაობები და აქტივობები

გაზაფხულსა და ზაფხულში ბაკურიანს უნდა ესტუმრო ექსტრემალური სპორტისთვის, პარაპლანით ფრენისთვის, საერთაშორისო დონის ველობილიკებზე ტურებში მონაწილეობისთვის. ბაკურიანის ალპური ბოტანიკური ბაღი კი იდეალური ადგილია ლაშქრობებისთვის.

გასართობი და რეკრეაციული აქტივობები ბაკურიანში ყოველ ნაბიჯზე შეგხვდება. აქ არის რესტორნები, დასასვენებელი პარკი, კინოთეატრი, თოვლის სკუტერები, ყინულის მოედანი, საცხენოსნო ტურები... 

მაღალი მთების კრისტალივით სუფთა ჰაერი, მზის ხანგრძლივი ნათება, ნაძვნარი და წიფლნარი ტყე კი წელიწადის ოთხივე სეზონზე სამკურნალო კლიმატს ქმნის. ბაკურიანის ჰაერი მდიდარია ოზონით, რომლითაც დამღუპველად მოქმედებს ბაქტერიებზე, ვირუსებსა და სოკოებზე და ორგანიზმის იმუნიტეტს ზრდის.  

ბაკურიანი 3 თაობისა და 4 სეზონის კურორტია, რომელიც ჯანსაღ გარემოსა და უამრავ გასართობ თუ რეკრეაციულ აქტივობას დაგახვედრებს.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა