KA
Paliastomi Lake

პალიასტომის ტბა

საქართველოს ტბებს შორის პალიასტომი სიდიდით მესამეა და 18.2 კვ.კმ-ზეა გადაჭიმული. მისი დიდი ნაწილი სამეგრელოს, ნაწილი კი გურიის მხარის ადმინისტრაციულ საზღვარშია. პალიასტომის ტბა შედის კოლხეთის ეროვნული პარკის შემადგენლობაში. მისი მაქსიმალური სიღრმე 3,2 მეტრს აღწევს, საშუალო სიღრმე 2,6 მეტრს შეადგენს. 547 კვ.კმ ფართობის აუზში 52 მლნ კუბმეტრი წყალია. პალიასტომის ტბა ზღვის დონიდან ყველაზე დაბლა - 0.3 მეტრზეა დაშვებული. პალიასტომის ტბა კოლხეთის ეროვნული პარკის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა. ტბის დიდი ნაწილი სამეგრელოში, ქალაქ ფოთთან მდებარეობს , თუმცა მისი დასავლეთ ნაწილი (მდინარე ფიჩორი) გურიის მხარეში შედის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.
რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთი
ქალაქი
ფოთი

ტბის მდებარეობა

პალიასტომის ტბას შავი ზღვისგან 2 კმ სიგანის ქვიშა აშორებს, თუმცა, ისტორიული წყაროების მიხედვით, ადრე ის შავი ზღვის უბე ყოფილა. 1924 წელს ტბის სამხრეთ-დასავლეთ ნაპირიდან გაყვანილი არხი ზღვას შეუერთეს. 1933 წლის დეკემბერში ძლიერი ზვირთცემის შედეგად არხი გაფართოებულა, რამაც სრუტე წარმოშვა და წყალი დაამლაშა. 

ამ მოვლენამდე პალიასტომში ორმოცზე მეტი სახეობის თევზი მოიპოვებოდა. დღეს ტბაში ბინადრობს: ლოქო, საზანი, სუდაკი, კეფალი, ქარიყლაპია, კობრი. პალიასტომის ნაპირებზე იზამთრებს ბევრი ფრინველი, ამიტომ ფრინველებზე დამკვირვებლები ხშირად სტუმრობენ მის მიდამოებს. 

ლეგენდა

პალიასტომის ტბის შესახებ  არაერთი ლეგენდა და გადმოცემა არსებობს. ერთ-ერთის თანახმად, ტბის ადგილას ადრე „პავლიას ტომი“ სახლობდა. ერთხელაც, მიწას დაუწევია, გარღვეულა და ამოვარდნილ წყალს სოფელი დაუფარავს. მხოლოდ ერთი დიაკვანი გადარჩენილა, გვარად დარჩია, რომელსაც მთავარანგელოზის ხატი გადაურჩენია და გურიაში, ჯუმათის მთაზე აუტანია. ხატის პატივსაცემად ჯუმათის მთაზე მოგვიანებით ტაძარი აუგიათ. დღეს ჯუმათის ეკლესია ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის ძეგლადაა აღიარებული. 

ლეგენდის არქეოლოგიური დასტური

პალიასტომის ტბის ფსკერზე არქეოლოგებმა ქართული ტიპის სასოფლო დასახლების კვალი აღმოაჩინეს, კერძოდ, უძველესი კერამიკა - ქოთნები, ჯამები, დოქები, ქვევრები.

ლეგენდების გარდა, ეს აღმოჩენაც მეტყველებს იმაზე, რომ ტბის ადგილას, როგორც ჩანს, ოდესღაც მართლაც სახლობდნენ ადამიანები.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა