გოდერძის უღელტეხილზე 2015 წელს გაიხსნა სამთო-სათხილამურო კურორტი და მოეწყო მაღალი სტანდარტების ინფრასტრუქტურა, კურორტზე ფუნქციონირებს სასტუმროები და კვების ობიექტები.
ასაფრენ წერტილამდე ზამთარშიც და ზაფხულშიც მისვლა შესაძლებელია როგორც მაღალი გამავლობის ავტომობილით, ისე საბაგირო გზით. დასაჯდომი წერტილი კი საბაგიროს პირველ სადგურთან, გაშლილ მინდორზე ორგანიზებულ დასაფრენ ლოკაციაზე მდებარეობს.
საფრენი დრო 20-25 წუთი.
გოდერძის უღელტეხილზე ფრენა შესაძლებელია როგორც ზაფხულში, ისე ზამთარში.
ფრენისთვის აუცილებელია, რომ სხეულის წონა იყოს მინიმუმ 30 კგ და მაქსიმუმ 220 კგ.
აღნიშნულ ლოკაციაზე პარაგლაიდინგი ასევე ადაპტირებულია შშმ პირებისთვის.
არასრულწლოვანს შეუძლია იფრინოს მხოლოდ მშობლების თანხმობით.
ფრენა რეკომენდებულია იმ პილოტთან ერთად, ვისზეც საქართველოს პარაგლაიდინგის სკოლის მიერ გაცემულია ტანდემ პილოტის კვალიფიკაციის დამადასტურებელი მოწმობა.
პილოტის სავარძელი აღჭურვილია სათადარიგო პარაშუტით; ფრენისას პილოტსაც და მგზავრსაც ახურავს ჩაფხუტი, ასევე სასურველია მზის სათვალე. ზაფხულში უნდა გქონდეს მსუბუქი მოსაცმელი, ხოლო დანარჩენ სეზონზე აუცილებელია დათბილული ტანისამოსი. საჭიროების შემთხვევაში, პილოტები იზრუნებენ შენს ჩაცმულობაზე. ფეხზე აუცილებლად უნდა გეცვას დახურული სტილის, სპორტული ფეხსაცმელი.
შეგიძლია ფრენა გადაიღო GoPro კამერით, რასაც ასევე პილოტები უზრუნველყოფენ.
კვალიფიციურ პილოტთან ტანდემში ფრენის დაწყებამდე პილოტი ჩაგიტარებს ინსტრუქტაჟს ფრენის პროცესთან დაკავშირებით.