KA

აფხაზეთი

„სულის ქვეყანა“ - ხშირად ასეც ეძახიან დღემდე იდუმალებით მოცულ ამ მხარეს, რომელიც ცნობილია თავისი ზღვაში ჩაძირული ქალაქებით, „ოქროს ვერძის“ ლეგენდით, მზის ტაძრებით, უძველესი სამარხებითა და ციხესიმაგრეებით. ადამიანები აქ ქვის ხანიდან მოყოლებული ცხოვრობდნენ, მასზე აღფრთოვანებით წერდნენ: ჰეროდოტე, სტრაბონი, ფლავიუსი, არიანე, არქანჯელო ლამბერტი თუ შარდენი.
რა დრო სჭირდება მგზავრობას:
თბილისი
7 სთ
ბათუმი
3:45 სთ
ქუთაისი
3:30 სთ

საქართველოს შემადგენელი ნაწილი - აფხაზეთი, რომლის ფართობიც 8,700 კვ.კმ-ია, ქვეყნის უკიდურეს ჩრდილო-დასავლეთში მდებარეობს, ის ჩრდილოეთიდან - კავკასიონის მთავარი ქედით, სამხრეთ-დასავლეთიდან კი შავი ზღვით არის დაცული. აფხაზეთის სანაპირო ზოლის სიგრძე 195 კმ-ია. ჰავა აქ თბილია, ნოტიო და სუბტროპიკული.  

სოხუმი

ისტორიულ წყაროებში სოხუმი, მაშინდელი დიოსკურია, ძვ.წ. VI საუკუნიდან მოიხსენიება. ის კოლხეთის სამეფოს მნიშვნელოვანი კულტურული და სავაჭრო-ეკონომიკური ცენტრი იყო. ათ კილომეტრზე გადაჭიმული მისი ქვიშის პლაჟი, რომელსაც სუბტროპიკული მცენარეული საფარი გასდევს, წელიწადის ყველა დროს მიმზიდველია. 

სოხუმის ბოტანიკური ბაღი 

აფხაზეთის ოაზისი კავკასიაში უძველესი ბოტანიკური ბაღია, სადაც 5000-ზე მეტი ჯიშის ეგზოტიკური მცენარე წელიწადის ყველა სეზონზე ხარობს, მნახველს შეუძლია დატკბეს ჩრდილოეთ ამერიკიდან, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან, ავსტრალიიდან და სხვა ქვეყნებიდან ჩამოტანილი იშვიათი ჯიშის მცენარეებით, ისეირნოს ბამბუკის გრძელ ხეივანში, დაისვენოს გიგანტური, 20 მეტრის სიმაღლის 250 წლის ცაცხვის ხის ჩრდილში,  დატკბეს უდაბნოებიდან ჩამოტანილი სუკულენტებით. 

სხვა ღირსშესანიშნაობები 

სამხატვრო გალერეა, სახელმწიფო მუზეუმი, ბაგრატიონთა ეპოქის (XI საუკუნე) ნაგებობების ნაშთი, სტალაქტიტური მღვიმეები სოფელ შრომასთან, უნიკალური ფერმა-ლაბორატორია - პრიმატორიუმი, შერვაშიძეთა საგვარეულო სამფლობელო - ყველაფერი ეს სოხუმსა და მის შემოგარენში შეგიძლია დაათვალიერო.

აქ ბევრი საინტერესო ადგილი და ულამაზესი პეიზაჟია, რომლებითაც სოხუმის ბორცვიდან, სოხუმის ციხიდან, ანაკოფიის ციხესიმაგრიდან, ბაგრატის ციხიდან, „სოხუმის შუქურადან“ დატკბები. 

კიდევ რა უნდა ნახო აფხაზეთში?

გუდაუთის რაიონში ზღვის დონიდან 1950 მეტრზე მდებარეობს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ღრმა კარსტული მღვიმე, რომლის ზედა ნაწილი ზამთარ-ზაფხულ ყინულითაა დაფარული; აუცილებლად სანახავია ახალი ათონის კარსტული მღვიმე, გიგანტური სტალაგმიტებითა და გაქვავებული ჩანჩქერებით; ასევე - მსოფლიოში ყველაზე ღრმა, კრუბერის გამოქვაბული. 

ლაშქრობის მოყვარულებისთვის იდეალური ადგილია სოფელი განთიადი, სადაც რამდენიმე მეტრში ჰაშუფსეს კანიონია. ველური ბუნება, ფერდობები და პლატოები, თვალუწვდენელი კლდეები, ქვის ლაბირინთებთან ერთად, დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე. აუცილებლად მოსანახულებელია სპელეოლოგების ბანაკი, რომელიც არაბიკის მასივზე 2656 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. აქ კარვის გაშლა და ღამის გათენებაც შესაძლებელია.  

ნახე ძოუს ულამაზესი ტბა, გეგის ფერდობი და ჩანჩქერი, ულამაზესი ფიჭვებით სავსე ბიჭვინთის ჩრდილოეთით საქართველოში ყველაზე ღრმა რიწის ტბის სილამაზე იხილე - წიწვოვანი ნაძვებითა და კოლხური ბზით გარშემორტყმული საოცრება.  

აფხაზეთშია საქართველოს უდიდესი მდინარეები ბზიფი და კოდორი და მსოფლიოში ყველაზე პატარა მდინარე რეპრუა, რომლის სიგრძე 18 მეტრს არ აღემატება. აქ, რიწის, ფსხუ-გუმისთისა და ბიჭვინთა-მიუსერას ნაკრძალებში, უნიკალური მცენარეებისა და ცხოველების ნახვაა შესაძლებელი.     

ისტორიული ძეგლები

ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, სოფელ მოქვში იპოვი X საუკუნის ტაძარს, რომლის აშენება აფხაზთა მეფის ლეონ III-ის სახელს უკავშირდება. ტაძარი საუკუნეების განმავლობაში საგანმანათლებლო კერა იყო. მნიშვნელოვანი ძეგლია ბედიის სამონასტრო კომპლექსი, რომელიც X საუკუნის მიწურულს, გაერთიანებული საქართველოს პირველმა მეფემ, ბაგრატ III-მ ააგო, ასევე - XI საუკუნის ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია და სხვა. 

აფხაზური კერძები

აფხაზურ სამზარეულოში დიდი ადგილი უჭირავს ბოსტნეულს, ხილს, რძის პროდუქტებს. მნიშვნელობა არ აქვს, პატარა ფაცხაში შეისვენებ თუ რესტორანში, ტრადიციულ კერძებს აუცილებლად შემოგთავაზებენ. 

აბისტა სიმინდის ფქვილის ფაფაა, რომელიც ძალიან უხდება ლობიოს, ყველსა და ხორცს. აფხაზური ტრადიციული კერძია აშვჩაპანი, იგივე გადაზელილი ყველი, არიცმგელი, ანუ ნიგვზიანი მჭადი, აყრდცა - ლობიოს შეჭამადი, აფხაზური აჯიკა, ლეღვის ტყლაპი და სხვა.   

თუ გუდაუთაში, სოფელ ლიხნში მოხვდები ტრადიციულ დღესასწაულ „ლიხნაშტაზე“, აფხაზურ სამზარეულოს ნიმუშებს სრულიად უსასყიდლოდ დააგემოვნებ, თუმცა ეს არც სხვაგან გაგიჭირდება - აფხაზეთში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, სტუმრისთვის კარი ყოველთვის ღიაა.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა