ლაშქრობა სოფელ რკონიდან იწყება, რომელიც თბილისის ცენტრიდან 70 კმ-ით არის დაშორებული და ავტომობილით დაახლოებით 2 საათის სავალზეა. სოფლის ცენტრიდან ბილიკი XI საუკუნეში აგებულ იკვის წმინდა გიორგის ეკლესიამდე მიდის.
აქედან გზა ტყეში გრძელდება და მალე სოფელ ჩაჩუბეთის VIII-IX საუკუნეების ეკლესიამდე მიხვალ.
ჩაჩუბეთის ეკლესიიდან სოფელ ჭყოპიანამდე დაღმართის ჩავლა მოგიწევს,
აქედან დრისის ციხემდე კი, სულ რაღაც, 1.5-კილომეტრიანი გზაა დარჩენილი.
მდინარე თეძმის მარცხენა ნაპირზე, კლდეზეა აშენებული დრისის ციხე განვითარებული ფეოდალური ხანის ძეგლია. დღემდე შემორჩენილია გალავანი, მასში ჩაშენებული 4-სართულიანი კოშკი და პატარა დარბაზული ეკლესია. იქვე სასახლე და სამეურნეო ნაგებობებიც მდგარა, რომლებმაც ნანგრევების სახით მოაღწია.
დრისის ციხეზე ორი ბილიკი ადის - ერთი აღმოსავლეთის მხრიდან ტყის გავლით, მეორე კი დასავლეთიდან, თუმცა გაითვალისწინე, რომ ეს უკანასკნელი სალაშქროდ საკმაოდ რთულია.