საბადურის ტყე მცხეთა-მთიანეთის მხარეში, კერძოდ მცხეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მდებარეობს. ეს ულამაზესი ტყე თბილისის ეროვნული პარკის შემადგენელი ნაწილია, რომელიც საქართველოში პირველ ეროვნულ პარკად ითვლება.
საბადურის ტყის ფართობი 5125 ჰექტარს აღწევს. ტყეში ძირითადად გვხვდება წიფლისა და მუხის ხეები. ასევე სოკოების უამრავი სახეობა. ამ ტყის ბინადრები არიან მელიები, მგლები და შველები. საბადურის ტყეში ყველაფერია იმისთვის, რომ ბუნებასთან ერთად დაისვენოთ და დატკბეთ მომხიბვლელი პეიზაჟებით. აქ მოწყობილია საპიკნიკე და საკარვე ადგილები, ცეცხლის დასანთები წერტილები, საინფორმაციო დაფები.
საბადურის ტყე ყველა სეზონზე ლამაზია, მაგრამ შემოდგომაზე ფერთა პალიტრა იცვლება და ტყე კიდევ უფრო ჯადოსნური ხდება. ზამთარში კი თეთრი ზღაპრის სამეფოში ამოყოფთ თავს.
საინტერესოა ამ ადგილის სახელწოდების წარმოშობის ვერსიაც. გადმოცემით, აქ ერთ დროს მდიდარი სოფელი ყოფილა ტყის სიღრმეში, სადაც ხალხი ძალიან ბედნიერად ცხოვრობდა. სოფელსაც "საბადური" რქმევია, რაც სწორედ ბედნიერებას უკავშირდება. დროთა განმავლობაში საცხოვრებელი გაუკაცრიელდა, სახელი კი ტყეს შერჩა.
ამ საოცარი ადგილის მონახულება ადვილად შეგიძლიათ, რადგან ის დედაქალაქ თბილისთან ძალიან ახლოს, დაახლოებით 20 კილომეტრშია. თბილისიდან გამოსვლისთანავე, თბილისი-სენაკი-ლესელიძე მაგისტრალის მაგივრად, უნდა გადაუხვიოთ თბილისი-თიანეთის მაგისტრალზე. გზად გაივლით სხვადასხვა ღირსშესანიშნავ ადგილს - მამკოდა, ცხვარიჭამია და ა.შ. საბადურის ტყე კი სოფელ ღულელებამდე გრძელდება.
საბადურის ტყე საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული ბუნებრივი საუნჯეა, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ. ოთხივე სეზონის განმავლობაში მისი ხიბლი და სილამაზე თქვენს გულს აუცილებლად დაიპყრობს.