აქ უამრავ რამეს ნახავ, რაც დაგაინტერესებს. ფერად-ფერადი სუვენირების მაღაზიების წინ ქართული ტკბილეულისა და ხილის დახლები დგას, ერთმანეთს სამოსისა და აქსესუარების ბრენდული ბუტიკები ენაცვლება. კოტე აფხაზის ქუჩაზე ცნობილი ქართველი დიზაინერების მაღაზიებსაც იპოვი. თუ სიონის ქუჩაზე ჩაუხვევ, ფოკას დედათა მონასტრის დედების მიერ დამზადებულ უნიკალურ ნაკეთობებსაც იხილავ.
კოტე აფხაზის ქვაფენილიანი ქუჩის გასწვრივ, ქართულ ტრადიციულ რესტორნებს მყუდრო, ვინტაჟური კაფეები და აზიური კერძების სურნელი ცვლის. ამ ქუჩაზე უგემრიელესი ქართული კერძებისა და ტკბილეულის, ჩირების, ჩურჩხელებისა და ტყლაპების დაგემოვნებასაც შეძლებ. აქ ღვინის დეგუსტაციაც შესაძლებელია, და თუ უალკოჰოლო სასმელს ეძებ, იქვე სახელდახელოდ დაწურულ ხილის წვენებსაც გადააწყდები.
ქუჩის დასასრულს თბილისის ერთ-ერთ საოცრებას - გოგირდის აბანოებს აღმოაჩენ.
საუკუნეების წინ ეს ქუჩა საქარავნო გზის მონაკვეთი ყოფილა. აქაური არქიტექტურა თავად გიყვება, როგორ ცხოვრობდნენ ძველად თბილისში. ქუჩა, რომელიც ერთ დროს სახელოსნო და სავაჭრო ადგილი იყო, ახლა ისტორიულ-კულტურული ცენტრის ფუნქციას ასრულებს.
კოტე აფხაზის ქუჩა მცირე მოდელია იმისა, თუ როგორია რეალური საქართველო - მრავალფეროვანი და მულტიკულტურული, მეგობრობისა და თანაცხოვრების ადგილი. ამის დასტური კი ამავე უბანში გვერდიგვერდ მდგარი სხვადასხვა კონფესიის სალოცავებია.